

იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ალფრედო პედულა "ნაპოლის" სატრანსფერო გეგმების შესახებ წერს.
თავის მიერ მომზადებულ სტატიაში პედულამ დაასახელა ის თანხა, რომლის მიღებასაც "პარტენოპეი" ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ ისურვებდა.
"ოსიმენის "ნაპოლიდან" წასაყვანად 100 მილიონი ევრო საკმარისი არ იქნება. მისი ღირებულება სულ მცირე 120 მილიონი ევრო იქნება და ამ თანხაში ბონუსები არ შედის.
თუ აურელიანო დე ლაურენტისი კვარაცხელიას თაობაზე მიღებული წინადადებების განხილვას გადაწყვეტს, იგი მხოლოდ იმ წინადადებებზე დაფიქრდება, რომლებიც 100 მილიონი ევროდან დაიწყება.
წარმოიდგინეთ, რა მოხდება "ნაპოლის" მიერ სკუდეტოს მოგების შემთხვევაში. თუ მოვლენები ასე განვითარდა, დე ლაურენტისი საკუთარ თამაშს წამოიწყებს და არნახულად ძვირ აუქციონს მოაწყობს," - ვკითხულობთ სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენი სერია ა-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია, 14 გატანილი გოლით. რაც შეეხება კვარაცხელიას, მისი მონაგარი 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.