• 16-06-2023
    "ქეცბაიას გაკვირვება რთული იქნება", - რას ამბობს ვილი სანიოლი კვიპროსთან მატჩის წინ
    "ქეცბაიას გაკვირვება რთული იქნება", - რას ამბობს ვილი სანიოლი კვიპროსთან მატჩის წინ

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში კვიპროსს ესტუმრება.

    მატჩის წინ საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

    “გადავწყვიტეთ, რომ შეკრება ადრე დაგვეწყო, რადგან რამდენიმე ფეხბურთელს სეზონი უკვე დასრულებული ჰქონდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მინიმუმ 10-დღიანი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონოდათ. დადებითად შევაფასებ საწვრთნელ შეკრებას. არ გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელები, კმაყოფილი ვარ მზადების ხარისხით და ვიმედოვნებ, რომ ეს კარგი მატჩის ჩატარების საშუალებას მოგვცემს.

    გუნდში 25 ფეხბურთელია, მათ სრულად ვენდობი. მათ შორისაა გიორგი ჩაკვეტაძე. ითამაშებს თუ არა, ამას ხვალ იხილავთ. წილისყრის შემდეგ, თემურ ქეცბაიასთან ხანგრძლივი, სასიამოვნო საუბარი მქონდა. მას პირადად არ ვიცნობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი. ბევრს ვერაფერს ვიტყვი კვიპროსის ტაქტიკასთან დაკავშირებით. ყოველთვის მაბედნიერებს, როდესაც მეტოქის მწვრთნელი ჩვენი გუნდის რომელიმე ფეხბურთელზე გამორჩეულად საუბრობს. ეს ნიშნავს, რომ მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს და ეს საამაყოა ჩემთვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს სხვა მოთამაშეები. დარწმუნებული ვარ, თუ კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იქნება, აუცილებლად იპოვის გზას ჩვენი გუნდის წარმატებისთვის.

    ლუკა ლოჩოშვილი მარტში  ტრავმისა და შემდეგ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო არ იყო ჩვენთან. გასულ წელს ის ყველა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა. დღეს, სწორედ იმიტომ არის ნაკრებში, რომ კარგ ფორმაშია, ბევრი მატჩი ჩაატარა და მზად არის მოახლოებული თამაშებისთვის. საბა საზონოვის და დავით ხოჭოლავას არ ყოფნამ სხვა მოთამაშეებს მისცა შანსი. ვფიქრობ, რომ გიორგი გველესიანმა ბოლო 6 თვის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშა და ჩავთვალე, რომ მის გამოსაძახებლად სწორი მომენტი იყო. მას აქვს შანსი, გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.

    თემურ ქეცბაია ქართველია და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელია. მან კარგად იცის ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობები და მისი გაკვირვება რთული იქნება. ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და 3 ქულის გარდა ნებისმიერი სხვა შედეგი იმედგაცრუებად ჩაითვლება.

    კვიპროსთან საქართველოს ნაკრებს კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ ვინ იქნება სასტარტოში შოტლანდიასთან. ახალგაზრდულ ნაკრებში წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მზად არის ეროვნული ნაკრების შემდეგ 21-წლამდე ნაკრებს დაეხმაროს. კმაყოფილი ვარ სამივე მეკარით, რომელიც ამ შეკრებაზე იმყოფება ჩვენთან ერთად.”. - განაცხადა ვილიმ.

    ცნობისთვის, კვიპროსისა და საქართველოს დაპირისპირება 17 ივნისს თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.


    Facebook კომენტარები