• 24-11-2022
    შვეიცარია 1:0 კამერუნი - ემბოლომ სამშობლოს გაუტანა და არ აღნიშნა
    შვეიცარია 1:0 კამერუნი - ემბოლომ სამშობლოს გაუტანა და არ აღნიშნა
    Aa

    კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო დღე G ჯგუფის მატჩით გაიხსნა, რომელშიც შვეიცარიის ნაკრებმა კამერუნის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 1:0 მოუგო.


    შეხვედრის პირველ ტაიმში აფრიკელებს რამდენიმე შანსი მიეცათ, თუმცა მბუემო, კარლ ტოკო ეკამბი და ერიკ-მაქსიმ ჩუპო მოტინგი შვეიცარიელთა კარის აღებას ვერ ახერხებდნენ.


    უმეტესწილად, "დაუმარცხებელ ლომებს" ბურთი კომფორტულად ეჭირათ, ხოლო შვეიცარიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები - გრანიტ ჯაკა და ქსერდან შაქირი მეტოქის ხაზებს შორის სივრცეს უბრალოდ ვერ პოულობდნენ.


    პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა და ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს შესვენებაზე რამე აუცილებლად უნდა შეეცვალა.


    გუნდი, რომელმაც თამაში სათავისოდ შეატრიალა, შვეიცარია გახლდათ. 48-ე წუთზე "მონაკოს" ცენტრფორვარდმა, ბრიენ ემბოლომ ბურთი შაქირისგან მიიღო და ანდრე ონანას ძალიან ზუსტი დარტყმით აჯობა. ემბოლო კამერუნშია დაბადებული, ამიტომ გოლი არ აღნიშნა, რითაც მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შემოგვთავაზა.


    კამერუნს ანგარიშის გასათანაბრებლად ბევრი დრო ჰქონდათ, მაგრამ მათ ვერაფერი გააწყვეს. ამ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩი უკვე 20 წელზე მეტია არ მოუგია და ეს ნავსი ვერც დღეს გატყდა.


    ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება, ბრაზილიასა და სერბეთს შორის. რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის მეორე ტურს, იქ შვეიცარია ბრაზილიას დაუპირისპირდება (28 ნოემბერი, 20:00), ხოლო კამერუნი სერბეთს შეერკინება (28 ნოემბერი, 14:00).


    შვეიცარია 1:0 კამერუნი


    გოლი: ემბოლო (48).


    შვეიცარია: ზომერი - როდრიგესი (90, კომერტი), ელვედი, აკანჯი, ვიდმერი - ჯაკა, ფროილერი - ვარგასი (81. რიდერი), სოვი (72. ფრაი), შაქირი (72. ოკაფორი) - ემბოლო (72. სეფეროვიჩი).


    კამერუნი: ონანა - ტოლო, ნ’კულუ, კასტელეტო, ფაი - უმ გუე - ანგისა, ჰონგლა (68. ონდუა) - ტოკო ეკამბი (74. ნ'კოდუ), ჩუპო-მოტინგი (74. აბუბაქარი), მბეუმო (81. მოუმი ნგამალეუ).

    Facebook კომენტარები