

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის უკანასკნელი მატჩები, საიდანაც შევიტყვეთ, რომ ამ ჯგუფიდან მერვედფინალის საგზური საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებებმა მოიპოვეს.
"მამლებს" პლეი ოფში გასვლა უკვე გარანტირებული ჰქონდათ და დიდიე დეშამმა ტუნისთან მატჩში როტაციას მიმართა. სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მიმდინარე მუნდიალზე თამაშის შანსი ძალიან იშვიათად ეძლეოდათ. გამოცდილმა სპეციალისტმა თავის მთავარ ვარსკვლავებს დასვენების საშუალება მისცა, მაგრამ ეს ტურნირის ერთ-ერთ უდიდეს სენსაციად დაუჯდა - მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ტუნისთან დამარცხდნენ, ანგარიშით 0:1.
Messi is the best playmaker of the world! Just look at Leo's pass for Alvarez against Poland ✨🇦🇷pic.twitter.com/WLq1mbBHHZ
— Jan 🇦🇷🇩🇪 (@FutbolJan10) December 1, 2022
აფრიკელებმა "მამლების" კარი მე-8 წუთზე აიღეს, თუმცა ნადერ ღადრის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. სამაგიეროდ, "კართაგენის არწივებმა" საწადელს მეორე ტაიმში მიაღწიეს. შეხვედრის 58-ე წუთზე ვაჰბი ხაზრიმ ჩინებული დრიბლინგი შემოგვთავაზა და თავისი გუნდი დააწინაურა.
ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ დეშამმა მოედანზე კილიან მბაპე, ადრიენ რაბიო, უსმან დემბელე და ანტუან გრიზმანი შემოუშვა, რათა ფრანგებს ჯგუფური ეტაპი წაგებით არ ჩაემთავრებინათ. "მამლები" ამასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ გრიზმანის მიერ ბოლო წამებზე გატანილი გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა.
მიუხედავად მარცხისა, საფრანგეთი პლეი ოფში მაინც პირველი ადგილით გავიდა. მერვედფინალურ ეტაპზე ევროპელები D ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება ტუნისის ნაკრებს, მათ ჯგუფში 4 ქულას მოუყარეს თავი, თუმცა ეს ტურნირზე ასპარეზობის გასაგრძელებლად არ ეყოთ.
ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 627 მაყურებელი
ტუნისი 1:0 საფრანგეთი
გოლი: 1:0 ხაზრი
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა დანიის ნაკრებს მძიმე ბრძოლა მოუგო, ანგარიშით 1:0 და მეორე ადგილი გაინაღდა.
"კენგურუებს" ამ მატჩში ფრეც აწყობდათ, სკანდინავიელებს კი აუცილებლად უნდა მოეგოთ. პირველ ტაიმში თამაშს დიდწილად სწორედ დანიელები აკონტროლებდნენ. მე-17 წუთზე მეელეს გოლის გატანის რეალური შანსიც მიეცა, თუმცა მისი საჯარიმოში ფლანგიდან შეჭრა უშედეგო გამოდგა. თავად ავსტრალიელებმა კასპერ შმეიხელს კარში სამჯერ დაურტყეს, ოღონდ სამივე შემთხვევაში ხიფათი მინიმალური გახლდათ.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გავიდა. მეთიუ ლეკმა დაახლოებით 40 მეტრი ირბინა, დანიელ მცველს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და ზუსტად დაარტყა. ევროპელებს უკვე 2 გოლი ჰქონდათ გასატანი, თუმცა მათ საქმე რეალურ ხიფათამდეც კი ვერ მიიყვანეს და ანგარიშიც საფინალო სასტვენამდე შენარჩუნდა - 1:0.
ავსტრალია ჯგუფიდან 6 ქულით გავიდა და მერვედფინალში C ჯგუფის პირველადგილოსანს დაუპირისპირდება. რაც შეეხება დანიას, ეს გუნდი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი იმედგაცრუება გახლავთ. 3 მატჩი, 1 ქულა, 1 გატანილი გოლი, ბოლო ადგილი ჯგუფში - ამ კატასტროფული მაჩვენებლებით ასრულებენ სკანდინავიელები თავიანთ ასპარეზობას კატარის მუნდიალზე.
ალ ვაკრა. "ალ ჯანუბ სტადიუმი". 41 232 მაყურებელი
ავსტრალია 1:0 დანია
გოლი: 1:0 ლეკი (60)
ავსტრალია: რაიანი; დეგენეკი, სუტარი, როულსი, ბეჰიჩი; ლეკი (ჰრუსტიჩი 89), ირვინი, მუი, გუდვინი (ბაკუსი 46); დუკი (მაკლარენი 82), მაკგრი (რაიტი 74)
დანია: შმეიხელი; რ. კრისტენსენი (ბა 46), ანდერსენი, ა. კრისტენსენი, მეჰლე (კორნელიუსი 69); ჰოიბერგი, იენსენი (დამსგორი 69); სკოვ ოლსენი (სკოვი 69), ერიკსენი, ლინდსტრომი; ბრაითვაითი (დოლბერგი 59)