• 02-12-2022
    G ჯგუფი: პორტუგალია პირველია, სამხრეთ კორეამ ურუგვაის გაასწრო
    [/xfgiven_playerads]
    G ჯგუფი: პორტუგალია პირველია, სამხრეთ კორეამ ურუგვაის გაასწრო
    Aa

    კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი სათამაშო დღე მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ კიდევ ორი მერვედფინალისტის ვინაობა შევიტყვეთ - პლეი ოფში ასპარეზობას პორტუგალიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები გააგრძელებენ.


    პორტუგალიას პლეი ოფის საგზური ჯერ კიდევ მეორე ტურში ჰქონდა განაღდებული, თუმცა დღეს "ნავიგატორებმა" ჯგუფში პირველი პოზიცია დაიბევეს. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ფერნანდუ სანტუშის გუნდმა ამის გაკეთება წაგებით მოახერხა. სამხრეთ კორეის ეროვნულმა გუნდმა ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა და ანგარიშით 2:1 მოიგო.


    მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელებმა შეხვედრა შესამჩნევად გადახალისებული შემადგენლობით დაიწყეს, მე-5 წუთზე ისინი მაინც დაწინაურდნენ. თავი მე-5 წუთზე რიკარდო ორტამ გამოიჩინა. 


    აზიურმა ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება 27-ე წუთზე შეძლო - საჯარიმოში შექმნილი არეულობით კიმ იუნგ-გვონმა ისარგებლა. ამის შემდეგ საგოლე შანსები კვლავ "ნავიგატორებს" შეექმნათ, თუმცა კრიშტიანუ რონალდუმ ორი ხელსაყრელი მომენტი ქარს გაატანა.


    მეორე ტაიმში სანტუშმა მოედნიდან რონალდუ და სხვა ლიდერებიც გაიყვანა, სამხრეთ კორეამ კი მოსაგებად გაიწია და ეს გააკეთა. პირველ კომპენსირებულ წუთზე ჰონ მინ სონმა ძალიან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და ჰი-ჩან ჰვანი პორტუგალიელ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ჰვანმაც თავისი ქვეყანა არ დააღალატა: 2-1.


    პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა 6 ქულით და პირველი ადგილით დაასრულა. პლეი ოფში ევროპელები H ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდებიან. რაც შეეხებათ "ვეფხვებს", მათ 4 ქულა მოაგროვეს, ურუგვაის უფრო მეტი გატანილი გოლის წყალობით გადაასწრეს და მერვედფინალში H ჯგუფის ლიდერს დაელოდებიან.

    ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 443 მაყურებელი
    სამხრეთ კორეა 2:1 პორტუგალია 
    გოლები: 0:1 ორტა (5), 1:1 კიმ ენ გვონი (27), 2:1 ჰვან ჰი ჩანი (90+1)

    სამხრეთ კორეა: კიმ სეუნ-გიუ; კიმ მოონ-ჰვანი, კვონი, კიმ იუნ-ვონი (სონ ჯუნ-ჰო 81), კიმ ჯინ-სუ; იუნგი, ინ-ბომი, კან-ინ ლი; ლი ჯე-სუნგი (66), ჩო (ჩო იუ-მინი 90), სონი


    პორტუგალია: დიოგო კოშტა, კანსელო, პეპე, სილვა, დალო; ნუნიეში (პალინია 66), ნევეში (ლეაო 65), ჟოაო მარიო (ბერნარდო სილვა 82); ვიტინია (კარვალიო 82), რონალდუ (ანდრე სილვა 65), ჰორტა


    ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს ურუგვაისა და განას ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. აფრიკელებს მეორე პოზიციის დასაკავებლად ქულაც ყოფნიდათ, ურუგვაის კი აუცილებლად უნდა გაემარჯვა. "სელესტე" განას უბრალოდ მოგებითაც გადაასწრებდა, მაგრამ სამხრეთ კორეისგან მომდინარე საფრთხეზე, რომელიც არც ისე რეალური ჩანდა ("ვეფხვების" მეტოქიდან გამომდინარე), ურუგვაელებს სამი ბურთით მოგებით უნდა ეპასუხათ. საბოლოო ჯამში, სამხრეთ ამერიკელებს სწორედ ამის გაკეთება დასჭირდათ, რაც ვერ მოახერხეს.


    თამაშში გარდატეხა ურუგვაის ნაკრებმა 26-დან 32-ე წუთებამდე შეიტანა. ამ ექვსწუთიან მონაკვეთში ჯორჯიან დე არასკაეტამ დუბლი შეასრულა, რითაც განას საპლეიოფო ამბიციებს ცელი გამოუსვა. მანამდე, "შავ ვარსკვლავებს" დაწინაურების შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ანდრე აიუმ პენალტი გააცუდა.


    "სელესტეს" მატჩი მშვიდად მიჰყავდა გამარჯვებისკენ, თუმცა როდესაც მათ შეიტყვეს, რომ სამხრეთ კორეა პორტუგალიასთან დაწინაურდა, მესამე გოლის გასატანად წავიდნენ. რეალური შანსი ჰქონდა ედინსონ კავანის, თუმცა მისი თავური განელთა კიპერმა მოიგერია. გარდა ამისა, კავანიზე წესების დარღვევის გამო შეიძლებოდა თერთმეტმეტრიანის დანიშვნაც, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, დანიელ ზილბერტმა ჯარიმა ვერ დაინახა და მას არც ვიდეორეფერიდან შეხმიანებიან.


    ასე და ამგვარად, 2:0 ურუგვაის არაფერში ეყო. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები ჯგუფში 4 ქულით ჩარჩნენ, ხოლო განის ნაკრებმა, რომელიც მეორის ტურის შემდეგ, 3 ქულით, მეორე პოზიციაზე იყო, ბოლო ადგილი დაიკავა.


    ლ ვაკრა. "ალ ჯანუბ სტადიუმი". 44 097 მაყურებელი


    განა 0:2 ურუგვაი 


    გოლები: 0:1 დე არასკაეტა (26), 0:2 დე არასკაეტა (32)


    გამოუყენებელი პენალტი: ა. აიუ (21)

    Facebook კომენტარები