

დომენიკ ლივაკოვიჩმა პენალტების სერიაში იაპონელთა სამი დარტყმა აიღო და ხორვატიის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა!
ჰაჯიმე მორიასუს გუნდს ამ მატჩამდე გერმანიისა და ესპანეთის ეროვნული გუნდები ჰყავდა დამარცხებული და, ბუნებრივია, ზედიზედ მესამე ევროპული ნაკრებისთვისაც აპირებდა წირვის გამოყვანას.
მატჩი მოსალოდნელი სცენარით დაიწყო. ხორვატები ბურთს ფლობდნენ, თუმცა უფრო რეალურ საგოლე მომენტებს "სამურაიები" ქმნიდნენ.
აზიელებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს. მაედა იოშიდას მიერ საჯარიმოში ჩაბრუნებულ ბურთს დაიზენ მაედა გამოეხმაურა და იაპონიის ნაკრები წინ გაიყვანა.
პირველ ნახევარში ვეღარაფერი მოესწრო, თუმცა ზლატკო დალიჩის ბიჭებმა წონასწორობა 55-ე წუთზე აღადგინეს. დეიან ლოვრენის ჩაწოდებას ივან პერიშიჩმა თავი დაუხვედრა და დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპებზე თავისი მე-10 გოლი გაიტანა, რითაც ხორვატიის ნაკრების ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეები გულზეხელდაკრეფილნი ნამდვილად არ მსხდარნან, თამაში დამატებით დროში მაინც გადავიდა. ექსტრა-ტაიმების ყველაზე სახიფათო ეპიზოდი კვლავ იაპონელებმა შექმნეს - 104-ე წუთზე კაურო მიტომამ გაისროლა, თუმცა დომენიკ ლივაკოვიჩმა ბურთი მოიგერია.
იაპონიის ნაკრების წარმომადგენლებს მიზანმა ყველაზე მეტად პენალტების სერიაში უმტყუვნათ, სადაც ხორვატთა კიპერმა სამი სეივი შემოგვთავაზა. გადამწყვეტი დარტყმა მარიო პაშალიჩმა შეასრულა ზუსტად და ხორვატები მეოთხედფინალში გაიყვანა. იქ "მოჭადრაკეთა" მეტოქე ბრაზილიის ან სამხრეთ კორეის ნაკრები იქნება. ხორვატთა მოწინააღმდეგის გამოსავლენი მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
ალ ვაკრა. "ალ ჯანუბ სტადიუმი". 42 523 მაყურებელი
იაპონია 1 (1) : 1 (3) ხორვატია
გოლები: 1:0 მაედა (43), 1:1 პერიშიჩი (56)
იაპონია: გონდა; ტომიასუ იოშიდა, ტანიგუჩი; იტო, ენდო, მორიტა (ტანაკა 106), ნაგატომო (მიტომა 64); დოანი (მინამინო 87), მაედა (ასანო 64), კამადა (საკაი 75)
ხორვატია: ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, ბარიშიჩი; კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი; კრამარიჩი (პაშალიჩი 68), პეტკოვიჩი (ბუდიმირი 62, ლივაია 106), პერიშიჩი (ორშიჩი 106)