• 29-08-2023
    ბრობი, აკპომი, ბორხესი - ვინ იქნებიან გიორგი მიქაუტაძის კონკურენტები "აიაქსში"
    ბრობი, აკპომი, ბორხესი - ვინ იქნებიან გიორგი მიქაუტაძის კონკურენტები "აიაქსში"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის "მეციდან" "აიაქსში" ტრანსფერი თითქმის ყველა სარწმუნო წყარომ დაადასტურა. ქართველი თავდამსხმელი ამსტერდამში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.

    22 წლის ცენტრფორვარდი "იოჰან კრუიფ არენაზე" საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსითა და ლიგა 1-ის 3 მატჩში გატანილი 2 გოლით მიდის, თუმცა მას იქ საკმაოდ სერიოზული კონკურენტები დახვდებიან. გიორგის ნიდერლანდური გრანდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის რამდენიმე ფეხბურთელთან მოუწევს ბრძოლა.

    ჩუბა აკპომი

    27 წლის ინგლისელი "აიაქსის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დანამატია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე. ჩუბამ ჩემპიონშიფის გასულ სეზონში 28 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. "მიდლსბრომ" მის სანაცვლოდ 12.3 მილიონი ევრო მიიღო. 

    მემარჯვენე ცენტრფორვარდი "არსენალის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა "მეთოფეთა" ძირითად გუნდში არასდროს უთამაშია.

    კარლოს ბორხესი

    ბორხესი 19 წლის შემტევია, რომელსაც "მანჩესტერ სიტის" პირველ გუნდში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია, მაგრამ "ქალაქელებმა" ის მაინც 20 მილიონ ევროდ გაყიდეს. "სიტიმ" პორტუგალიელის გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა.

    "აიაქსის" კიდევ ერთმა ახალწვეულმა პრემიერ ლიგა 2-ის უკანასკნელ სეზონში 21-ჯერ აიღო მეტოქის კარი. გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ისიც საუკეთესო გოლეადორად დასახელდა. 

    აქვე აღვნიშნოთ, რომ კარლოსი მარცხენა გარემარბია.

    ბრაიან ბრობი

    ჩვენს სამეულში ბრაიანი ერთადერთია, რომელიც "აიაქსში" ამ ზაფხულს არ მისულა. 21 წლის ფორვარდი ამსტერდამული კლუბის აკადემიის პროდუქტია, შემდეგ ის "ლაიფციგში" გაყიდეს, თუმცა მალევე დაბრუნდა უკან.

    ბრობი გასულ სეზონში "აიაქსის" მთავარი ცხრიანი გახლდათ. მან ახალი სეზონიც კარგად დაიწყო - 3 მატჩში უკვე 2 გოლი აქვს გატანილი.

    სხვათა შორის, ბრაიანი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზეც გამოდიოდა და მას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც მოუწია თამაში, მაგრამ თავი ვერც იმ მატჩში და ვერც იმ ტურნირზე გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები