ბრიტანულმა BBC Sports-მა მოამზადა სტატია იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებმაც ზაფხულში გამართულ ევრო 2024-სა და კოპა ამერიკაზე თავები კარგი თამაშით დაგვამახსოვრეს, საკლუბო სეზონს კი ინგლისის რანგით ქვედა დივიზიონებში დაიწყებენ.
"მათ შორის არის ადამიანი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს აჯობა და კიდევ ერთი, ვისი მეორე სახელიც ზიდანია. დიახ, ეს სწორად წაიკითხეთ," - ასე მთავრდება აღნიშნული სტატიის შესავალი. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ლეგენდარული პორტუგალიელის მჯობნად "უოტფორდის" ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელმაც თანამემამულეებთან ერთად პორტუგალიის ნაკრებს ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში 2:0 მოუგო.
აი, რას წერს BBC ჩაკვეტაძეზე:
ამ ჩემპიონატზე ყველას მეორე საყვარელი გუნდი საქართველო იყო (რა თქმა უნდა, თუ შოტლანდიელი არ ხართ - ამ შემთხვევაში თქვენ ინგლისის ნებისმიერ მეტოქეს უგულშემატკივრებდით).
ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ნაკრებს ჩვენთვის იმედი არ გაუცრუებია, რადგან ისინი ჯგუფიდან გავიდნენ, "უოტფორდის" ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე კი მათ შეტევაში დიდ დახმარებას უწევდა.
ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ 4-ვე მატჩში ითამაშა. "ჯვაროსნების" თავგადასავალი მერვედფინალში ესპანეთთან განცდილი მარცხით (1:4) დასრულდა.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თურქეთთან 1:3-ით წაგებული შეხვედრის შემდეგ გუნდმა ჩეხეთთან ფრე, 1:1 ითამაშა, მერე კი ჯგუფის გამარჯვებულ პორტუგალიასთან დასამახსოვრებლად გაიმარჯვა, ანგარიშით 2:0, რამაც თბილისის ქუჩებში შეკრებილი ხალხი ააცეკვა.
24 წლის ნახევარმცველი "უიქერეჯ როუდის" ბინადრებმა თებერვალში გამოისყიდეს, იქამდე კი ბელგიური "გენტიდან" ჰყავდათ ნათხოვარი. გასულ სეზონში გიორგიმ "უოტფორდის" მაისურით 1 გოლი გაიტანა და წელს ამ სტატისტიკის გაუმჯობესებას ეცდება.
"ონავრების" მთავარი მწვრთნელი, ტიმ კლევერლი ერთ-ერთია, ვინც ქართველისგან ამ სეზონში ეფექტურ თამაშს ელოდება."
შეგახსენებთ, რომ გიორგი "უოტფორდის" ახალი 8-იანი გახდა. ახალ სეზონში მას სასტარტო შემადგენლობის საკვანძო წევრად მოიაზრებენ. ცნობისთვის, "ონავრები" ჩემპიონშიფის პირველი ტურის მატჩს 10 აგვისტოს, "მილოულის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.