• 29-04-2024
    სუპერკომპიუტერის სამწუხარო პროგნოზი - როგორი იქნება ევრო 2024 ხვიჩასთვის
    სუპერკომპიუტერის სამწუხარო პროგნოზი - როგორი იქნება ევრო 2024 ხვიჩასთვის
    Author of the article
    Aa

    ივნისამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის დრო ჩვეულებრივზე სწრაფად გადის, რადგან სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე განუწყვეტლივი ფიქრი ჟამთა სვლას შესამჩნევად აჩქარებს.

    ბუნებრივია, ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ გამოვა საქართველოს ნაკრები F ჯგუფში და მოიპოვებს თუ არა ფლეი ოფის საგზურს, თუმცა გვაქვს სხვა ინტრიგებიც: ვინ იქნება "ჯვაროსანთა" საუკეთესო ფეხბურთელი ტურნირზე, ვინ გაიტანს პირველ ქართულ გოლს დიდ საფეხბურთო ფორუმზე, ვინ დაამთავრებს ტურნირს ნაკრების ბომბარდირის სტატუსით.

    მსგავს შეკითხვებზე პასუხის გაცემას ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს სუპერკომპიუტერიც ეცადა, რომელმაც ჩვენთვის ერთი მეტად არასასურველი პროგნოზიც გააკეთა.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ალგორითმი საკმაოდ წარუმატებელ ტურნირს უწინასწარმეტყველებს საქართველოს ნაკრების მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას. არსებული პროგნოზით, 23 წლის შემტევი ევრო 2024-ს გოლისა და საგოლე პასის გარეშე დაასრულებს.

    მართალია, მიმდინარე სეზონი ხვიჩასთვის წინაზე ნაკლებშედეგიანია, თუმცა სტატისტიკა მას მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს: 10 გოლი, 8 საგოლე გადაცემა "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ 42 მატჩში. აქედან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, რას დაეყრდნო აღნიშნული ვარაუდი.

    აქვე გეტყვით, რომ ევრო 2024-ზე პირველ შეხვედრას ქართველები 18 ივნისს, თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.


    Facebook კომენტარები