• 08-05-2024
    როგორი იქნება საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული თურქეთთან მატჩში
    როგორი იქნება საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული თურქეთთან მატჩში
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ნაკრები თავისთვის ისტორიულ, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს თურქეთის ეროვნულ გუნდთან მატჩით გახსნის. შეხვედრა 18 ივნისს დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" გაიმართება.

    "ჯვაროსანთა" მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ მისი გუნდი გერმანიაში ამბიციური მიზნებით ჩადის, რაც, პირველ რიგში, ჯგუფიდან გასვლაში უნდა გამოიხატოს. ცხადია, პირველი მატჩის კარგად ჩატარებას მერვედფინალისკენ მიმავალ გზაზე უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რასაც ყველა შესანიშნავად აცნობიერებს.

    უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქებთან ჯახში ფრანგი სპეციალისტი თავისთვის კარგად ნაცნობ თერთმეტეულს დაეყრდნობა (რა თქმა უნდა, იმ სასიკეთო დაშვებით, რომ ტურნირს ყველა ქართველი ფეხბურთელი ოპტიმალურ კონდიციებში შეხვდება). "ჯვაროსანთა" თერთმეტეული წესით ასეთი უნდა იყოს:

    მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

    დაცვა: საბა კვირკველია, გურამ კაშია, ლაშა დვალი

    ნახევარდაცვა: ლევან შენგელია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კაკაბაძე

    თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია

    იმ შემთხვევაში, თუ ტრავმაახლადმოშუშებული ლევან შენგელია 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იქნება, სასტარტო შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილს ან ირაკლი აზაროვს უნდა ველოდოთ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ეროვნული გუნდების მატჩი თბილისის დროით 20 საათიდანაა ჩანიშნული.

    Facebook კომენტარები