• 10-06-2024
    3 რამ, რაც მონტენეგროსთან მოგებულმა მატჩმა დაგვანახა
    3 რამ, რაც მონტენეგროსთან მოგებულმა მატჩმა დაგვანახა

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველი და ერთადერთი ამხანაგური მატჩი გუშინ გამართა. "ჯვაროსნებმა" პოდგორიცაში მონტენეგროს მოუგეს, ანგარიშით 3:1.

    შეხვედრის უმეტესი ნაწილი ვილი სანიოლის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლები ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს, წერტილი კი ბუდუ ზივზივაძემ დასვა. ბუდუს გოლამდე იყო მოკლე მონაკვეთი, სადაც ბალკანელებმა სხვაობის შემცირება შეძლეს და ანგარიშის გათანაბრებასაც მიუახლოვდნენ, თუმცა შეცვლაზე შესული ფეხბურთელების კომბინაციამ გამარჯვებულის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. 

    "ჯვაროსნებს" ხასიათის შესაქმნელად შესანიშნავი სპარინგი გამოუვიდათ. ამის გარდა, გუშინდელმა დაპირისპირება გარკვეული დასკვნების გამოსატანადაც სასარგებლო აღმოჩნდა. გთავაზობთ 3 შეხედულებას, რომლებიც მოგებულმა მატჩმა გაგვიჩინა.

    1. საქართველოს ნაკრების ლიდერები ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში ხვდებიან

    მიქაუტაძე და ზივზივაძე, როგორც ნაკრების მთავარი ცენტრფორვარდები, გუშინ გოლებით გამოირჩნენ. "მეცის" შემტევმა პირველ ტაიმში მეტოქეს პოტენციური წითელი ბარათიც აკიდა, თუმცა მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, მთავარმა არბიტრმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ მიუთვლია, რამდენიმე შთამბეჭდავი მომენტი და ასისტი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას. ნახევარდაცვაში დაუღალავად იშრომეს გიორგი ქოჩორაშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც ანგარიშის გამხსნელი ბურთიც შეაგდო. ცალკე უნდა გამოვყოთ გიორგი ჩაკვეტაძე - "უოტფორდის" ნახევარმცველმა ისევ შეგვახსენა, რომ ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაშია და შეტევებსაც ჯეროვნად ამწვავებს. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მას ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ ერთი შთამბეჭდავი სეივით მაინც დაგვამახსოვრა თავი.

    ერთადერთი რგოლი, რასაც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება შეიძლება დაეტოვებინა, დაცვის ხაზი გახლდათ, ოღონდ ამაზე ცოტა ქვევით. იქამდე კი ვისიამოვნოთ იმ ფაქტით, რომ "ჯვაროსნების" შეტევის წარმატებულობაზე პასუხისმგებელი მოთამაშეები გერმანიაში შესანიშნავ ფორმაში მყოფები ჩავლენ.

    2. დაცვის ხაზში პრობლემებია

    სანიოლის გუნდს რომ კარის დაცვა უჭირს, მეორე ტაიმში უფრო თვალნათლივ გამოჩნდა, ვიდრე პირველში. ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ჰქონდა ნაკრების დებიუტანტს, გიორგი გველესიანს, რომელიც პირველ ნახევარში უკანაც შთამბეჭდავი გახლდათ და შეტევის დაწყებაშიც ხშირად მონაწილეობდა, მაგრამ შესვენების მერე ვიზავისთან პირწმინდად დაიჩაგრა. დამაჯერებლობას დიდად ვერც გურამ კაშიას დავწამებთ. ცენტრალური მცველების სამეულიდან ყველაზე მეტი კარგი ლაშა დვალზე გვეთქმის, ოღონდ გუშინდელი მატჩი რომ მისი კარიერის საუკეთესო ეპიზოდებში ნამდვილად ვერ ჩაიწერება, ესეც აშკარაა.

    დაცვის მარჯვენა ფრთაზე ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, მარცხნივ კი ლევან შენგელიაც ვიხილეთ და გიორგი წიტაიშვილიც. უნდა ითქვას, რომ ტრავმაახლადმოშუშებული შენგელია იმ ფორმისგან საკმაოდ შორსაა, რომელიც მარტის შეხვედრებში გვაჩვენა. იგივე ითქმის გიორგი წიტაიშვილზეც, რაც განაცხადს მიღმა ირაკლი აზაროვის დატოვებას კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის, მაგრამ ამას უკვე აღარაფერი ეშველება.

    საბოლოო ჯამში, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი დაცვის თამაშზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ამიტომ თურქეთთან შეხვედრამდე დარჩენილი დღეები თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ფორმაში შესასვლელად. გარდა ამისა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საბა კვერკველია, რომელიც ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მწყობრში ჩადგომას მოასწრებს.

    3. ოთარ კიტეიშვილი ნაკრების ხერხემლად ჩამოყალიბდა

    საქართველოს ნაკრების გუშინდელი თამაში გუშინ ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ - ოთარ კიტეიშვილთან ერთად და ოთარ კიტეიშვილის გარეშე. გრაცის "შტურმის" ნახევარმცველმა ეროვნულ გუნდში თავისი მესამე გოლი გაიტანა, მაგრამ ნაკრებს იგი იმაზე გაცილებით მეტს აძლევს, ვიდრე საგოლე მოქმედებებია. 28 წლის ფეხბურთელი თამაშის ტემპს თავად განკარგავს და ყოველ ჯერზე, როცა მეტოქე პრესინგზე ამოდის, ხაზების გაჭრას ასევე საკუთარ თავზე იღებს.

    ოთარმა მოედანი ნაადრევად დატოვა, რისი მიზეზიც ფეხის უკანა კუნთის დაჭიმულობა გახლდათ. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია და ნაკრების ხერხემალი თურქეთთან მატჩისთვის მზად იქნება.

    Facebook კომენტარები