• 21-11-2023
    5 ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
    5 ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

    24 საათზე მეტი გავიდა, რაც ოფიციალურად შევიტყვეთ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს, რომელსაც საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალის ეგიდით გამართავს, "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო გამოაკლდება.

    "ჯვაროსანთა" დანაკლისი უდიდესია, თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვილი სანიოლის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელები თამაშის დატვირთვას ჯეროვნად გაიაზრებენ და მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.

    ლუქსემბურგთან შეხვედრამდე, რომელიც მარტში უნდა გაიმართოს, ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. იქამდე კი გავიხსენოთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში 5 ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა.

    საქართველო 2:2 ლიეტუვა

    მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმირებაზე დაიწყო მუშაობა, ქართული მხარის მოთხოვნას პირველი ლიეტუვიდან გამოეხმაურნენ. 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი, რომელიც პირველი გახლდათ "ჯვაროსანთა" ისტორიაში. საქართველოს ნაკრები მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გელა კეტაშვილმა გაიყვანა.

    ლიეტუველები ორჯერ იგებდნენ, თუმცა გივი ნოდიას შეგირდებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. ერთი გოლი გია გურულმა გაიტანა, მეორე კი - კახა კაჭარავამ.

    საქართველო 1:0 რუსეთი

    რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები ყველაზე ტკბილია და როდესაც ეს ფეხბურთში ხდება, ამაზე ათწლეულები ლაპარაკობენ. ასეთ დიდ გამარჯვებათა რიცხვს მიეკუთვნება 2003 წლის 30 აპრილს მოპოვებული გამარჯვებაც. მატჩი, რომელიც 2002 წლის 12 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო და "ლოკომოტივზე" ჩამქრალი შუქის გამო გადაიდო, მალხაზ ასათიანის მიერ მე-12 წუთზე გატანილი თავურით შევიდა ისტორიაში. სხვათა შორის, მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი ეროვნული ნაკრების მაისურს სულ მეორედ ირგებდა.

    საქართველო 1:0 ხორვატია

    2011 წლის 26 მარტს შემდგარი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ლევან კობიაშვილის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. თემურ ქეცბაიას გუნდმა იმ გამარჯვებით 9 ქულას მოუყარა თავი, F ჯგუფში მე-2 ადგილზე აღზევდა და ევრო 2012-ზე გასვლის რეალური შანსიც გაიჩინა, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ქართველმა ფეხბურთელებმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა კიდევ დიდი ხნით გადაიდო, მაგრამ "დინამო არენაზე" ადრეული გაზაფხულის იმ ცივ ღამეს გამართული მატჩი და დავით მინაშვილის რეაქცია გოლზე გულშემატკივარს სამუდამოდ დაამახსოვრდა.

    ესპანეთი 0:1 საქართველო

    ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2016-მდე უკანასკნელი ამხანაგური მატჩი საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაგეგმა, რომელიც პირენეეზე რუმინეთთან შერცხვენილი (1:5) ჩავიდა. თითქოს, "ფურია როხას" ხელს არაფერი უშლიდა, რათა აუტსაიდერად შერაცხული მეტოქის კარი უამრავჯერ აეღო და საფრანგეთში კარგ ხასიათზე გამგზავრებულიყო, თუმცა "ჯვაროსნებს" სულ სხვა ამოცანები ჰქონდათ. მე-40 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ჯაბა ჯიღაურის ასისტით გაიტანა, დარჩენილი დრო კი ვლადიმერ ვაისის გუნდმა ყრუ დაცვაში გაატარა, რითაც ამხანაგურ მატჩში მოპოვებული, მაგრამ მაინც ისტორიული გამარჯვება გამოჭედა.

    საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

    2020 წლის 12 ნოემბერს, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებული შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა გორან პანდევის გოლით წააგო და ევრო 2020-ზე გასვლის ოცნებასაც დაემშვიდობა. 


    ცხადია, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი თავის თავში საკლუბო მატჩებსაც გულისხმობს, თუმცა თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევები, როცა ქართულმა კლუბებმა თავიანთი გულშემატკივარს დიდი სიხარული მიანიჭეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოცემულობა მალე შეიცვლება და ქართული ფეხბურთის დიდ გამარჯვებებზე საუბრისას მხოოლოდ ეროვნული ნაკრების გახსენება აღარ მოგვიწევს ხოლმე.

    Facebook კომენტარები