• 11-06-2024
    "თუ საქართველო 1/2-ფინალში გავა..." - რა პირობა დადო გერმანელმა ქომაგმა
    "თუ საქართველო 1/2-ფინალში გავა..." - რა პირობა დადო გერმანელმა ქომაგმა

    ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღეღა რჩება, გულშემატკივართა მღელვარება კი თანდათან პიკს აღწევს. ქართველ ქომაგს ხომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ისტორიაში პირველად მიეცემა საშუალება, რომ დიდ ფორუმზე თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს უგულშემატკივროს.

    "ჯვაროსნები" ინტერესს არა მხოლოდ თანამემამულეთა, არამედ უცხოელ ქომაგთა შორის იწვევენ. სოციალურ ქსელს თუ გადავხედავთ, აზრები ორადაა გაყოფილი. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ვილი სანიოლის შეგირდები დებიუტანტობის წნეხს ვერ გაუძლებენ და ჯგუფის უპირობო აუტსაიდერებად უნდა მოიაზრებოდნენ, მეორენი კი ქართველებს პლეი ოფში გასვლასაც კი უწინასწარმეტყველებენ.

    სკეპტიკოსთა რიგებში უნდა მივიჩნიოთ ერთ-ერთი გერმანელი გულშემატკივარი, რომელმაც საკმაოდ საინტერესო პირობა დადო.

    "თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავა, თავს გადავიპარსავ და ზედ ხუთჯვრიან დროშას დავიხატავ," - წერს ევრო2024-ის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი.

    ძნელი სათქმელია, რამ აიძულა ეს პიროვნება ასეთი განცხადებით გამოსულიყო ასპარეზზე, თუმცა ჩვენ ხელს არაფერი გვიშლის იმაში, რომ მისი პირობის ასრულება ვინატროთ.

    სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ იყო, როცა ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა მონაწილემ ნახევარფინალს უწია. 2016 წელს ეს უელსის ნაკრებმა გააკეთა. "დრაკონებს" ფინალისკენ მიმავალი გზა პორტუგალიელებმა გადაუკეტეს (0:2).

    Facebook კომენტარები