ევროპული კლუბების რეიტინგი იანვრის თვეში

31-01-2017, 14:32

ევროპული გამოცემები საიტ WhoScored-ის სტატისტიკის მიხედვით ყოველთვიურად აქვეყნებენ გუნდების რეიტინგებს, მათი სიძლიერის მიხედვით. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ იანვარში ჩატარებული მატჩების შემდეგ 10 საუკეთესო გუნდს, აღნიშნული რეიტინგის მიხედვით.

10. "ბენფიკა"

პორტუგალიური კლუბი გასულ თვეში მართლაც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. "სეტუბალთან" გუშინ ჩატარებული მატჩი რომ გამოვრიცხოთ, ლისაბონელები იანვარში დაუმარცხებლები იყვნენ და მაღალი დონის ფეხბურთიც აჩვენეს. ახლა ისინი პრიმეირა ლიგის ლიდერები არიან და შეიძლება ითქვას, რომ სრულიად დამსახურებულად არიან რეიტინგის ათეულში.

9. "პსჟ"

პარიზელებმა ცუდი სტარტის შემდეგ როგორც იქნა დაალაგეს სიტუაცია და სტაბილური ფეხბურთიც აჩვენეს. დედაქალაქელების დამრტყმელი ძალა, ედინსონ კავანი ნელ-ნელა ფორმის პიკს უახლოვდება. იანვრის თვეში 6 მატჩიდან 5-ში გამარჯვების მოპოვების შემდეგ კი ევროპულმა გამოცემებმა "პსჟ" რეიტინგის მეცხრე ადგილზე მოახვედრეს. არადა, "მონაკოსთან" გამარჯვების შემთხვევაში დიდი ალბათობით ეს გუნდი გაცილებით მაღალ საფეხურზე იქნებოდა.

8. "ლაიფციგი"

გუნდი, რომელსაც ხშირად ბუნდესლიგის "ლესტერს" უწოდებენ. ლაიფციგელები კვლავ განაგრძობენ ფეხბურთის ქომაგების გაოცებას. ახალი წლის მოსვლასთან ერთად ბევრი ელოდა, რომ "რედ ბულ ლაიფციგი" ნელ-ნელა დაკარგავდა პოზიციებს და ცხრილის ქვევით ჩაიჩოჩებდა, თუმცა ასე არ მოხდა. მეორე წრის განახლებასთან ერთად ამ გუნდმა ორივე მატჩი მოიგო და ყველას დაანახა, რომ მათ ბუნდესლიგის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

7. "მონაკო"

რეიტინგის კიდევ ერთი ფრანგული გუნდი გახლავთ "მონაკო". ეს გუნდი ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომელთა უმრავლესობა 25-26 წლამდე ფეხბურთელია. მონაკოელებმა გასული თვე დაუმარცხებლად განვლეს და ლიგა 1-ის ცხრილსაც ჩაუდგნენ სათავეში. 65 გატანილი გოლი 22 ტურის შემდეგ, რაც საშუალოდ 3 გოლს უდრის ერთ მატჩში. მართლაც რომ ფენომენალური შედეგია!

6. "იუვენტუსი"

"ბებერი სინიორა" მცირე ჩავარდნის მიუხედავად მაინც მოწოდების სიმაღლეზეა. ტურინელებმა ფაქტობრივად უკვე გაინაღდეს სერია ა-ში გაჩემპიონება და ახლა მათი მთავარი ალბათ ჩემპიონთა ლიგა იქნება. "იუვეს" დაცვა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ტურინელთა შემტევებსაც არ დაეწუნებათ რამე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე სრულიად ლოგიკურია, რომ ეს გუნდი რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე დგას.

5. "არსენალი"


არსენ ვენგერის შეგირდებმა რთული დეკემბრის თვის შემდეგ შესანიშნავი ფორმა აკრიფეს და ახლა მათი შეჩერება ალბათ ძალზე რთული საქმე იქნება. იანვარში, 12 შესაძლო ქულიდან ლონდონელებმა 10 ქულის მოპოვება შეძლეს, გარდა ამისა სათასო დაპირისპირებაში საკმაოდ ძლიერ "საუთჰემპტონსაც" გადაურბინეს (0:5) და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფორმის პიკსაც მიაღწიეს. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ "მეთოფეები" ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" დამარცხებას.

4. "ბარსელონა"

იანვრის თვის დაუმარცხებლად გავლის მიუხედავად რთულია იმის თქმა, რომ ახლა "ბარსელონა" თავის საუკეთესო თამაშს გვიჩვენებს. კატალონიელებმა ლა ლიგაში უმნიშვნელოვანესი 4 ქულა დაკარგეს და "რეალს" გასწრების კარგი შანსიც მისცეს. გარდა ამისა ვერც იმას ვიტყვით, რომ "ბლაუგრანას" მეტოქეებად გასულ თვეში ძლიერი მეტოქეები ჰყავდაო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე სრულიად არ არის მოულოდნელი ის ფაქტი, რომ გამოცემებმა ესპანური გრანდი სამეულს მიღმა დატოვეს.

3. "ჩელსი"

რეიტინგის 10-ეულის კიდევ ერთი ინგლისური წევრი, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ალბათ ახლა პრემიერლიგის ლიდერი "არსენალი" იქნებოდა, რომ არა მათი თანაქალაქელი "ჩელსი". "არისტოკრატები" ტურიდან ტურამდე შესანიშნავ თამაშს აჩვენებენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი დაცვის ხაზი. 22 ტურის შემდეგ მხოლოდ 15 გაშვებული გოლი უკვე ყველაფერზე მეტყველებს. გარდა ამისა ლონდონელები 8 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს და შეიძლება ითვქას, რომ პრემიერლიგის ტიტულიც გაინაღდეს.

2. "ბაიერნი"

მიუნხენური გრანდი კარლო ანჩელოტის მეთაურობის ქვეშ ძალზე კარგ შედეგებს აჩვენებს. "ბაიერნი" აგერ უკვე 2 თვეზე მეტია დაუმარცხებლად ასპარეზობს, ის კი არა, ამ გუნდს დეკემბერსა და იანვარში ფრეც კი არაქვს ნათამაშები. ბავარიელებმა მცირე ჩავარდნის შემდეგ ყოფილი ლიდერის "ლაიფციგის" დაწევა და გასწრებაც მოახერხეს და არაერთი კრიტიკოსი გააჩუმეს.

1. "რეალი"

გუნდი, რომელიც პოზიციებს არ თმობს. რამდენიმე მატჩიანი წარუმატებლობის მიუხედავად შეუძლებელია იმის თქმა, რომ თეთრების დამარცხება ამჟამად რომელიმე გუნდს შეუძლია. დიდი დანაკლისების მიუხედავად "სამეფო კლუბმა" არათუ დაკარგა ქულები, არამედ ქულათა სხვაობაც კი გაზარდა უახლოეს მდევართან. მართალია, მადრიდელებმა 41 მატჩიანი სარეკორდო წაუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ 2 მარცხი იწვნიეს, მაგრამ ამის მიუხედავად ეს გუნდი 4 ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს ლა ლიგაში და გარდა ამისა ერთი მატჩიც აქვს მარაგში. უკანასკნელ 10 თვეში განცდილი მხოლოდ 2 მარცხის გათვალისწინებით სრულიად მართალია, რომ მადრიდის "რეალი" მოცემული რეიტინგის პირველ ადგილზე დგას.



  • tsandro
  • 31 იანვარი 2017 16:25
რეალი ნამდვილად საუკეთესოა

reali msoflioshi sauketesoa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით