• 08-07-2023
    სიმეონემ "ალ აჰლის" უარი უთხრა
    სიმეონემ "ალ აჰლის" უარი უთხრა

    სატრანსფერო ექსპერტ პედრო ალმეიდას ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკოს" 53 წლის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ საუდის არაბული "ალ აჰლის" ძალიან სარფიან შეთავაზებაზე უთხრა უარი.

    ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა არგენტინელ სპეციალისტს საუდის არაბეთიდან უკავშირდებიან. ამის მცდელობას ადგილი ჰქონდა მაისშიც. მიუხედავად ამისა, ჩოლოს გადაწყვეტილება, რომ "როხიბლანკოს" 2023/2024 წლების სეზონშიც უხელმძღვანელოს, უცვლელია.

    არადა, ალმეიდას თუ დავუჯერებთ, "ალ აჰლიში" გატარებული 2 წლის განმავლობაში სიმეონე 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.

    სიმეონეს "ინდიელებთან" მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება. Football Espana-ს მიხედვით, "ატლეტიკო" დიეგოსთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას გეგმავს.

    შეგახსენებთ, რომ ჩოლო "ატლეტიკოს" 2011 წლიდან წვრთნის. იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.

    სიმეონემ მადრიდულ გრანდს 8 ტიტული მოაგებინა. მათ შორისაა ესპანეთის 2 ჩემპიონობაც. დიეგოს ხელმძღვანელობით "როხიბლანკომ" ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც ორჯერ უწია, თუმცა ორივეჯერ "რეალთან" დამარცხდა.

    Facebook კომენტარები