მადრიდის "რეალის" უდავო ლიდერს კრიშტიანო რონალდოს ჟურნალისტებმა რამდენიმე შეკითხვა მიუნხენის "ბაიერნთან" განმეორებითი შეხვედრის შესახებ დაუსვეს. პორტუგალიელი ფეხბურთელის თქმით, "რეალის" მთავარი კოზირი მომდევნო მატჩში კონტრშეტევები იქნება.
"ვიცით, რომ გერმანელების წინააღმდეგ მომდევნო კვირას ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა გველოდება. მიუნხენში მიღწეული შედეგი ნამდვილად კარგია, თუმცა მოდუნების უფლება არ გვაქვს. ვფიქრობ, "ბაიერნი" პირველივე წუთებიდან ეცდება ჩვენს ნახევარზე გადმოსვლას და სახიფათო მომენტების შექმნას, თუმცა ამ ყველაფრისთვის აუცილებლად მზად ვიქნებით. "რეალის" მთავარი კოზირი "ბერნაბეუზე" კონტრშეტევებზე თამაში იქნება". - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენში გამართული მატჩი "რეალმა" 1:2 მოიგო, ხოლო ნოიერის კარში ორივე გოლის გატანა სწორედ რონალდომ მოახერხა. გუნდები ერთმანეთს მეორე შეხვედრაში 19 აპრილს დაუპირისპირდებიან.