ლეგენდარულმა იტალიელმა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა კატალონიის "ბარსელონასთან" მოახლოვებული მეოთხედფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "იუვენტუსის" მეკარე განსაკუთრებულად ლიონელ მესის საკითხს შეეხო, რომელსაც ჯერ მის კარში გოლი გატანილი არ აქვს.
"ბარსელონას" წინააღმდეგ ძალიან რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს. პირველ თამაშში ნაჩვენები შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ, თუმცა ამან მოდუნებისა და რიტმიდან ამოვარდნის საშუალება არ უნდა მოგვცეს. ვიცით, რა გველოდება "კამპ ნოუზე" და ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ლიონელ მესის, არავინ დავობს, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ძალიან კარგია, რომ ამ დრომდე მას ჩემთვის არ გაუტანია. რა არის ამის საიდუმლო? კარგი დაცვა, რომელიც "იუვენტუსს" ჰყავს და იმ სათამაშო სტილის ცოდნა, რითიც მესია გამორჩეულია". - განაცხადა ბუფონმა.
"იუვენტუსისა" და "ბარსელონას" პირველი შეხვედრა ტურინელებმა 3:0 მოიგეს, ხოლო განმაორებითი თამაში 19 აპრილს "კამპ ნოუზე" გაიმართება.