ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მერებაშვილთან

30-07-2017, 12:49

Footballnews.ge-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელთან გიორგი მერებაშვილთან. 30 წლის ფეხბურთელმა გამოცემასთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გიორგი მერებაშვილმა გასული სეზონი პოლონეთის ჩემპიონატის ბინადარ "პლოკში" გაატარა და საკუთარ გუნდში ერთერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ.

როგორ ჩაიარა ახალი სეზონისთვის მზადებამ და რა იქნება თქვენი მთავარი მიზანი?

ახალი სეზონისათვის მზადებამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელი შეგვიცვალეს. რაც შეეხება მიზანს, პირველ რიგში ვეცდებით, რომ ექსტრაკლასაში ადგილი შევინარჩუნოთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გუნდს ევროტურნირებზე მოხვედრის რესურსიც აქვს. 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა უტოპია ნამდვილად არაა, რის შემდეგაც ფლეიოფის საგზურის მოპოვებას შევძლებთ.

განვლილ სეზონი თქვენს კარიერაში ერთერთი საუკეთესო იყო. რა იყო ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელი?

გეთანხმებით, გასული სეზონი ჩემს განვლილ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ალბათ იყო ის, რომ კლუბის ხელმძღვანელობა და მწვრთნელი ბოლომდე მენდობოდა. ვგრძნობდი, რომ გუნდისათვის საჭირო ფეხბურთელი ვიყავი. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ ჩემი სათამაშო სტილი პოლონეთს იდეალურად მოერგო და ვეცდები, მომავალ სეზონში ჩემ მიერ მიღწეული შედეგი გავაუმჯობესო.

საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებს როგორ შეაფასებდით და რამდენად სამართლიანია ჩვენი გუნდის მიერ აღებული სამი ქულა?

დასანანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში საკმაოდ ბევრი ქულა დაკარგა. იყო მატჩები, სადაც არათუ მარცხს, გამარჯვებასაც კი ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია და ხშირ შემთხვევაში სტატისტიკა რეალობას ზუსტად არ ასახავს. ჩვენ მიერ აღებული სამი ქულა სამართლიანი ნამდვილად არაა და როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე შეხვედრაში გამარჯვებას ვიმსახურებდით.

სამომავლოდ რა შედეგის მიღწევა შეუძლია ჩვენს ნაკრებს და რა არის მთავარი მიზანი?

საქართველოს ნაკრებს აქვს რესურსი, რათა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე გააღწიოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველ გულშემატკივრებს სანუკვარი ნატვრა ავუხდინოთ და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე საკუთარი ქვეყნის დროშა დავანახოთ.

შეადარეთ საქართველოსა და პოლონეთის ჩემპიონატების დონე ერთმანეთს...

სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონატი პოლონეთისას ბევრად ჩამოუვარდება. ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთელებს ელემენტარული პირობებიც კი არ აქვთ. ევროპაში ყველას აქვს საშიანო არენა, პოლონეთშიც ასეა. ექსტრაკლასაზე საუბარიც არ მაქვს. შეგიძლიათ თავად იხილოთ ის, თუ რა მდგომარეობაა პოლონეთში ინფრასტრუქტურის მხრივ. შედეგის მისაღწევად ფეხბურთელებს პირობები სჭირდებათ, რაც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კლუბს აქვს.

ყველაზე პრინციპული მეტოქე, რომელსაც შეხვედრიხართ...

პრინციპული მეტოქის გამოყოფა ყოველთვის მიჭირს, რადგან ძალიან ბევრ მაღალი დონის კლუბთან მითამაშია. ერთი რომელიმეს გამორჩევას ვერ შევძლებ, თუმცა ვიტყვი, რომ დერბი ყოველთვის განსაკუთრებული იყო. საქართველოს ჩემპიონატში „ტორპედოსთან“ სამზადისს გამოვარჩევდი. ასევე გამოვყოფდი სერბეთს, სადაც „პარტიზანისა“ და „ცრვენა ზვეზდას“ გულშემატკივრები ტრიბუნებზე სასწაულებს ჩადიოდნენ. საბერძნეთში კი „ოფის“ მაისურით “პანათინაიკოსთან“ შეხვედრას გამოვარჩევდი. დიდი ხანია, რაც ეს ორი გუნდი ერთმანეთის მოქიშპეები არიან. ამ სამ მატჩში განსკუთრებულად ვგრძნობდი მეტოქეების პრინციპულობას.

ფეხბურთელი, რომელმაც სპორტის ეს სახეობა შეგაყვარათ...

კონკრეტულად ერთი სპორტსმენი არაა, ვინც ფეხბურთი შემაყვარა. ამ სპორტის ყურება 1994 წელს დავიწყე. მაშინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ბრაზილიისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ. იმ დროიდან დღემდე ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ. მიუხედავად ამისა იტალიასაც ძლიერი ნაკრები ჰყავდა, განსაკუთრებით კი რობერტო ბაჯოს გამოყოფა შეიძლებოდა, რომელმაც საბოლოოდ, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააცუდა. ასე რომ, ფეხბურთი ჩემთვის კონკრეტულად ერთ პიროვნებას არ შეუყვარებია.

ავტორი: გოგა ნაჭყებია



  • beka10
  • 30 ივლისი 2017 12:51
მერება გამორჩეული ქართველი ფეხბურთელია <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით