• 23-07-2023
    ვინ ვის დაუახლოვდა - "ბარსაში" ახალწვეულები ძალიან მოსწონთ
    ვინ ვის დაუახლოვდა - "ბარსაში" ახალწვეულები ძალიან მოსწონთ

    ესპანურმა Relevo-მ "ბარსელონას" შემადგენლობაში არსებული განწყობისა და ახალწვეულების ძველ ფეხბურთელებთან დამოკიდებულების შესახებ საინტერესო სტატია მოამზადა.

    წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" მოთამაშეებს აქვთ ის შეგრძნება, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მწვრთნელების შეფასებით, პრესეზონზე გუნდში დადებითი ატმოსფეროა.

    სამწვრთნელო შტაბში იმასაც ამბობენ, რომ ახალწვეულები შესანიშნავები არიან და ეს მხოლოდ საფეხბურთო კუთხით არ ითქმის. ყველაზე ხშირად ხაზი ილქაი გიუნდოგანის თავმდაბლობას ესმევა.

    Relevo-მ ისიც შეიტყო, ახალწვეულებიდან ვინ ვის დაუახლოვდა.

    მაგალითად, ესპანური გამოცემა წერს, რომ მიკაილ ფაიემ ყველაზე კარგად ფრანკ კესიეს გაუგო, ინიგო მარტინესს კი ანსუ ფატისთან ჩამოუყალიბდა დადებითი ურთიერთობა. ილქაი გიუნდოგანს ხშირად ხედავენ სერხი რობერტოსა და სერჟინიო დესტის კომპანიაში. რაც შეეხება ორიოლ რომეუს, დიდ დროს იგი სერხი რობერტოსთან და რობერტ ლევანდოვსკისთან ატარებს.

    როგორც ხედავთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სრული ჰარმონია სუფევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მატჩებზეც აისახება.

    Facebook კომენტარები