• 04-08-2023
    “ქართული ენისა და კულტურის შესწავლა მინდა” - ექსკლუზიური ინტერვიუ გუიჰო ჭანტურიასთან
    “ქართული ენისა და კულტურის შესწავლა მინდა” - ექსკლუზიური ინტერვიუ გუიჰო ჭანტურიასთან

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გიორგი მიქაუტაძემ, საბა საზონოვმა, გიორგი მანუელ გონსალვეშ ჩუბინიძემ და გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს.

    მომდევნო, შესაძლოა 19 წლის ფეხბურთელი, გუიჰო ჭანტურია აღმოჩნდეს.

    ახალგაზრდა ფეხბურთელი საკმაოდ ტრადიციული ფრანგული გუნდის, “ლავალის” ღირსებას იცავს. გუიჰო ზემოხსენებულ გუნდში 12 წლის ასაკში ჩაირიცხა.

    ჭანტურიას მამა ქართველი, დედა კი ფრანგი ჰყავს. 8 წლამდე გუიჰო ხშირად სტუმრობდა მშობლიურ საქართველოს, ფეხბურთში აქტიურად ჩაბმის შემდეგ კი სულ უფრო იშვიათად ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას.

    19 წლის გუიჰოს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გააჩნია, თუმცა იქამდე ქართული ენისა და კულტურის შესწავლას აპირებს.

    საგულისხმოა, რომ გუიჰო ამპლუით შემტევი გახლავთ. 19 წლის ფეხბურთელმა “ლავალი” B-ში გასულ სეზონში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

    Footballnews.ge ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთში დაუკავშირდა. მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ და ვეცდებით მისი ისტორია გაგიზიაროთ:

    – პირველ რიგში, როგორ გრძნობ თავს, როგორ ფორმაში იმყოფები?

    - მშვენიერ ფორმაში ვარ და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

    – ქართველ გულშემატკივარს რომ გააცნო, რომელ პოზიციაზე თამაშობ?

    – ბევრ პოზიციაზე თამაში შემიძლია. თავდამსხმელის, ვინგერის და შემტევი ნახევარმცველი პოზიციაზე ვთამაშობ ხოლმე.

    – მოგვიყევი შენი ისტორია, სად და როგორ დაიწყე თამაში?

    – მე ფეხბურთის თამაში ქალაქ ვიტრეში, საფეხბურთო კლუბ ლა ვიტრეში 6 წლის ასაკში დავიწყე.

    – ლავალის აკადემიაში როგორ მოხვდი?

    – ლავალში 12 წლის ასაკში მივედი. 14 წლის ასაკში კი 17-წლამდე გუნდში ვთამაშობდი.

    – როგორი პირობები გაქვთ ლავალში?

    – მშვენიერი პირობები გვაქვს. ბრწყინვალე გარემოა გუნდში. გვაქვს ბრწყინვალე ინფრასტრუქტურა, კარგი ბუნებრივი ბალახი, ჩვენ ყველა მატჩი შუქდება, რაც მნიშველოვანია.

    – რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ?

    – საფრანგეთის.

    – ოდესმე საქართველოში ყოფილხარ?

    – 8 წლამდე ძალიან ხშირად, წელიწადში 4-ჯერ მაინც დავდიოდით საქართველოში, თუმცა როდესაც ფეხბურთის თამაში აქტიურად დავიწყე, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვახერხებ სამშობლოში ჩასვლას.

    - ქართულად საუბარი თუ შეგიძლია?

    - არცისე კარგად ვსაუბრობ, თუმცა მშვენივრად მესმის ქართული ენა.

    – როგორ მოხვდა შენი ოჯახი საფრანგეთში, მოგვიყევი შენი ისტორია

    – დედაჩემი ფრანგია. მამაჩემი კი საფრანგეთში დაახლოებით 16-18 წლის ასაკში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდა. მე საფრანგეთში ვარ დაბადებული.

    – შეთავაზების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებში თუ ითამაშებდი?

    - კი, რატომაც არა, თუმცა იქამდე მინდა ქართული ენა და კულტურა კარგად შევისწავლო.

    – გიორგი მიქაუტაძეზე და ზურიკო დავითაშვილზე რას იტყოდი? 

    – ორივე ფეხბურთელი ძალიან მომწონს. მე ორივე მათგანი ვნახე სტადიონზე, როდესაც ლავალს შეხვდნენ ლიგა 2-ში. მე ასევე ზურიკო დავითაშვილის თამაში ნანახი მაქვს დინამო ბათუმის მაისურით, როდესაც ბრატისლავა სლოვანთან დამარცხდნენ.

    – საქართველოს ნაკრების წარმატებას თუ ადევნებ თვალს?

    – დიახ, რა თქმა უნდა.

    – საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებდი ევროპის ჩემპიონატზე?

    – ბრწყინვალედ იასპარეზეს. საკმაოდ ძლიერ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ, რაც დასაფასებელია. ასევე, დრამატულ შეხვედრაში პენალტებში დამარცხდნენ ისრაელთან.

    – ქართული ფეხბურთის ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიაზე რას გვეტყვი?

    – ის ძალიან მაგარია. მისი დრიბლინგი და პასის კულტურა საოცარია. ვიმედოვნებ, რომ მის მსგავსად ვითამაშებ ფეხბურთს.

    – შენი კარიერის მიზანი რა არის?

    – ჩემი კარიერის მიზანი პირველ რიგში არის ის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვიდე და ვიყო ბედნიერი თამაშით, ასევე მოვიგო უამრავი ტიტული.

    – ვინ არის შენი მოტივაცია?

    – ჩემი მოტივაცია საკუთარი თავია.

    ვის გამოარჩევ შენს პოზიციაზე?

    – ედენ აზარს.

    – რატომ გადაწყვიტე ფეხბურთელობა?

    – იმიტომ, რომ მიყვარს ფეხბურთი, ეს სპორტი პირველ რიგში, დიდ სიამოვნებას და ვნებას მანიჭებს.

    – შენი ოცნების გუნდი?

    – ჩემი ოცნების გუნდი ლონდონის ჩელსია. 

    Facebook კომენტარები