ქართული ლეგიონის კვირა - მოგებები, გოლები, უიღბლობა

20-08-2018, 00:24

დღევანდელი დღე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ქართული ლეგიონისთვის. გთავაზობთ ჩვენი ლეგიონერების მიერ დღეს ჩატარებული შეხვედრების მოკლე მიმოხილვას.

ავსტრიის ჩემპიონატში ახლადგადასულმა ოთარ კიტეიშვილმა პირველად დაიწყო "შტურმის" ძირითად შემადგენლობაში თამაში, თუმცა გამარჯვება კვლავ ვერ მოახერხა. გრაცელებმა აუტსაიდერი "ალტახი" ვერ დაამარცხეს - 1:1. ოთარმა კი 81 წუთი დაჰყო მინდორზე. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, "შტურმი" 4 ტურის შემდგომ 7 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

დანიის ჩემპიონატში წარმატებული გამოდგა მე-6 ტური ქართველი ფეხბურთელებისთვის. საბა ლობჟანიძის რანდერსმა 3-0 გაანადგურა ჰობრო, 23 წლის გარემარბმა კი 67-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ეფექტური თავური დარტყმით დააფიქსირა. რაც შეეხება ლაშა პარუნაშვილს, მისმა "ეისბერგმა" გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერ "ბრონდბიუს" სძლია, ანგარიშით 0:1. ორივე ხსენებულმა ფეხბურთელმა სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე. 6 ტურის შემდგომ "რანდერსი" 9 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, "ეისბერგს" კი ერთით ნაკლები ქულა აქვს და ამჟამად მე-8 ადგილზეა.

გადავინაცვლოთ ესტონეთში, სადაც ქართველი თავდამსხმელი ბომბარდირობისთვის იბრძვის. ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" დღეს ანგარიშით 3:1 იმარჯვა, თავად ქართველმა კი გოლის გატანა მოახერხა. ამჟამად "ფლორას" 52 ქულა აქვს და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, ზაქარიას 19 გოლი აქვს გატანილი 22 შეხვედრაში და 6 ბურთით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფს.

ლატვიის უმაღლეს ლიგაში ქართველთა "რფსმ" მორიგი გამარჯვების მოპოვება მოახერხა. რიგელებმა სტუმრად აუტსაიდერ "ვალმეირას" სძლიეს ანგარიშით 2:4 და 6 ქულით ასწრებენ უახლოეს მდევარს. "რფსს" რიგებში ერთბაშად ოთხი ქართველი ფეხბურთელი, ნიკა სანდოხაძე, ირაკლი სიხარულიძე, ლაშა შერგელაშვილი და ბექა ვაჩიბერაძე გამოდის. დღევანდელ მატჩში ოთხივე მათგანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლის გატანა სამწუხაროდ ვერცერთმა მოახერხა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში უიღბლო სტარტი გამოუვიდა ახალგაზრდა ქართველ შემტევ გიორგი არაბიძეს. მისი "ნასიონალი" "მორეირენსეს" მასპინძლობდა. მატჩის 94-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო სტუმართა სასარგებლოდ, მადეირელებს თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესაძლებლობა მიეცათ. ბურთთან ქართველი თავდამსხმელი მივიდა, თუმცა მისდა სამწუხაროდ სადებიუტო მატჩში არაბიძემ თავისი შანსის გამოყენება ვერ მოახერხა და ბურთი ზემოდან გადააცილა კარს. რაც შეეხება პორტუგალიაში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველს, გიორგი მაკარიძეს, მისმა "რიუ ავემ" დღეს ანგარიშით 3:1 იმარჯვა. სამწუხაროდ, 28 წლის კიპერს ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან რიგით მეორე მატჩი გამოტოვა. 

ბოლო წუთებზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა". მისი გუნდი დღეს აუტსაიდერ "ეუპენს" სტუმრობდა, მატჩის 91-ე წუთზე გატანილი პენალტის წყალობით კი გენტელებმა 2:3 იმარჯვეს. 19 წლის ქართველმა ლეგიონერმა მინდორზე 71 წუთი გაატარა. გენტს ამჟამად 7 ქულა აქ და მე-7 ადგილზე იმყოფება.

სეზონი გამარჯვებით გახსნა "სარაგოსამ", რომელშიც 22 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ირიცხება. გუნდმა პირველ ტურში "რაიო მახადოჰონდას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 სძლია. პაპუნაშვილმა კი მოედანზე ბოლო 9 წუთი გაატარა.

რუსეთის პრემიერლიგაში ბოლოსდაბოლოს მოახერხა საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" გოლის გატანა და მატჩის მოგება. "რკინიგზელები" მე-4 ტურში გიორგი ლორიას "კრილია სოვეტს" ესტუმრნენ და ანგარიშით 0:1 სძლიეს, რითაც პირველი გამარჯვება მოიპოვეს. საბამ სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე, ლორია კი განაცხადშიც არ ყოფილა.

რაც შეეხება უკრაინის ჩემპიონატს. ლუკა კობერიძის "დესნიამ" "კარპატი" მიიღო და დაუზავდა - 2:2. ხოლო სანდრო კობახიძის "ვორსკლამ" "მარიუპოლს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 სძლია. ორივე ქართველმა მინდორზე სრული, 90 წუთი გაატარა. 5 ტურის შემდგომ "დესნია" 4 ქულით მე-9 ადგილზეა, "ვორსკლა" კი 6 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

ამერიკის საფეხბურთო ლიგაში კვლავ უჭირს გამოსვლა ქართველების "სან ხოსეს". დღეს გამთენიისას კალიფორნიელებმა "ტორონტოს" უმასპინძლეს. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გუნდის ქართველმა ლეგიონერებმა, ვაკო ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ სრული, 90 წუთი გაატარეს მინდორზე. 31 წლის მცველმა კი 52-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. 24 ჩატარებული მატჩის შემდგომ "სან ხოსე" ბოლო, მე-12 ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ დარჩა.

შვეიცარიის თასის 1/32 ფინალში გამანადგურებელი სხვაობით იმარჯვა ვალერიან გვილიას "ლუცერნმა". 24 წლის ნახევარმცველის გუნდმა გასვლაზე "გლანდი" ანგარიშით 1:9 დაამარცხა, ამ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი ვაკომაც მიიღო. მან შეხვედრის 50-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა. ეს გვილიასთვის რიგით მეორე გახლავთ მიმდინარე სეზონში.

და ბოლოს. კიდევ ერთი კვირით გადაიდო "ემპოლის" ქართველი თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის დაბრუნება. 28 წლის ფეხბურთელი დღეს "ემპოლის" განაცხადში გახლდათ, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო სკამიდან არ ამდგარა. გუნდმა კი მის გარეშე პირველ ტურში "კალიარის" იოლად სძლია - 2:0. შეგახსენებთ, რომ მჭედლიძეს ტრავმის გამო მთელი გასული სეზონი გაუცდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით