კვეკვესკირი: "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი ამ ლიგის ბოლო თამაშშიც ვიხილოთ"

6-09-2018, 14:30

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის სადებიუტო მატჩს ასტანაში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთის დედაქალაქში თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა და მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. ხელოვნურსაფარიან მოედანზე ეროვნული ნაკრების ვარჯიში ერთი საათ ი გაგრძელდა. ასტანაში მყოფი თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ყაზახეთისა და საქართველოს შეხვედრასთან დაკავშირებით, ნიკა კვეკვესკირმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

"მოგესალმებით ყველას, ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოდან ამდენი ადამიანი გამოგვყვა საგულშემატკივროდ. რაც შეეხება განწყობას, ერთა ლიგის დაწყებას ყველა მოუთმენლად ველოდით, იმიტომ, რომ ეს არის უნიკალური დამატებითი შანსი თითოეული ნაკრებისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს ისეთ დიდ ტურნირში, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ეს პასუხისმგებლობა ყველას გათავისებული გვაქვს. სიმბოლურია ისიც,რომ ერთა ლიგა ჩვენი თამაშით იხსნება და საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი ამ ლიგის ბოლო თამაშშიც მონაწილეობდეს. 

მართალია, ყაზახეთის ნაკრებს მოსამზადებლად ჩვენზე დიდი დრო ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები საბრძოლველად მზადაა და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

მსურს, საქართველოდან ჩამოსულ ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ. მჯერა, რომ ერთად აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს. გუნდში სტანიმირ სტოილოვის მოსვლის შემდეგ ყაზახეთის ნაკრები ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა. მათი ძლიერი მხარე ფიზიკური ორთაბრძოლები და სტანდარტული სიტუაციებია. ჩვენი მთავარი მიზანი კი, მათი მინუსების გამოყენებაა. ანალოგიურად ფიქრობენ ისინი ჩვენზე, რადგან ხვალ მოედანზე ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი გუნდები და მწვრთნელები წარსდგებიან."

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა:

"სამწუხაროდ, არ გვქონდა იმის დრო, რომ გუნდს რამდენიმე დღე ერთად გაეტარებინა, თუმცა ამას ვერაფერს დავაბრალებთ. იწყება ისეთი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც მწვრთნელს, ფეხბურთელებსა და ზოგადად, ქვეყანას უნიკალურ შანსს გვაძლევს. ეს, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და თითოეულ ფეხბურთელს გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა.  აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. წინ მთელი ჯგუფური ეტაპია და აქედან გამომდინარე, ერთი თამაშით არაფერი გადაწყდება, მაგრამ ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ხვალინდელი თამაშის წარმატებით დასრულებაა",-განაცხადა კვეკვესკირმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით