უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

4-03-2016, 23:23

საფეხბურთო პორტალი FOOTBALLNEWS.GE გთავაზობთ უიქენდის 6 გამორჩეულ მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

"რეალი" - "სელტა" (შაბათი: 19:00)

"რეალი" "ლევანტეს" დამარცხების შემდეგ საკუთარ მოედანზე "სელტას" უმასპინძლებს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფლორენტინო პერესი ზიდანის შემცვლელის ძიებაში იყო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბმა ფრანგი სპეციალისტი გაუშვას. დიდი ალბათობით, ზიზუ მომავალ სეზონს "რეალის" მწვრთნელის პოსტზე დაიწყებს. ამ გუნდებს შორის წინა ოთხ შეხვედრაში, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა, "სელტამ" გოლის გატანაც ვერ მოახერხა და სამივე შეხვედრა პირწმინდად დათმო. "რეალს" რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდა, მათ შორის გარეთ ბეილი, თუმცა "ბლანკოსს" მაინც აქვს დანაკლისი. შეიძლება ითქვას, რომ სამეფო კლუბმა დაკარგა ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი, რადგან მადრიდული გრანდი პირველადგილოსან "ბარსელონას" 12 ქულით ჩამორჩება.

ყურებადობის გარანტია: 70%  

"ვალენსია" - "ატლეტიკო" (კვირა: 23:30)

ორივე გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. "ვალენსია" ევრო ზონაში მოსახვედრად იბრძვის. "ღამურები" მეცხრე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ჯერ კიდევ აქვთ შანსები მიზნის მისაღწევად. გარი ნევილს კლუბის ხელმძღვანელობისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ინგლისელ სპეციალისტს გუნდიდან გაუშვებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესტალიაზე რაფაელ ბენიტესს ელიან. "ატლეტიკო" "ბარსელონას" ხუთი ქულით ჩამორჩება და ქულების დაკარგვის უფლება თითქმის არ აქვს. მადრიდელები ჩემპიონთა ლიგაზეც იბრძვიან. დიეგო სიმეონეს შეგირდები მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "პსვ"-ს ესტუმრნენ და შეხვედრა 0-0 დასრულდა. გუნდი მეორე მატჩისთვისაც ემზადება და ამ ფაქტორმა შესაძლოა "ატლეტიკოს" თამაშს დაღი დაასვას.

ყურებადობის გარანტია: 78%  

"რომა" - "ფიორენტინა" (პარასკევი: 23:45)

მას შემდეგ რაც ლუჩიანო სპალეტი "რომას" ჩაუდგა სათავეში, დედაქალაქური კლუბის თამაში საგრძნობლად გამოსწორდა. ამჟამად იტალიელი სპეციალისტი საქმის გარჩევას "ფიორენტინასთან" აპირებს. "რომა" ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ კედლებში "რეალთან" დამარცხდა 0-2, ამიტომ ძირითადი ყურადღების გამახვილება სერია ა-ზე მოუწევს. მართლაც, გუნდმა ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო და ახლა მეშვიდე შეხვედრის მოგებას "ფიორენტინასთან" ეცდება. "ფიორენტინა" ევროპა ლიგიდან "ტოტენჰემმა" გამოთიშა. იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "იისფრები" "ნაპოლის" დაუზავდნენ, 1-1. ამჯამად ამ გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა "რომა" ბურთების უკეთესი სხვაობის გამო მესამე ადგილზე იმყოფება. ყურებადობის გარანტია: 82%  

"ტოტენჰემი" - "არსენალი" (შაბათი: 16:45)

ამ კვირაში ყველაზე დიდი ლონდონური დერბი გაიმართება. "ტოტენჰემი" და "არსენალი" ქულების მოპოვებას უაით ჰართ ლეინზე ეცდებიან. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, რამეთუ "დეზები" 54 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან და თანაქალაქელებს 3 ქულით უსწრებენ. თავის მხრივ, "ტოტენჰემი" ლიდერ "ლესტერს" 3 ქულით ჩამორჩება. "მეთოფეები" თითქმის უკვე გამოეთიშნენ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, რადგან საკუთარ მოედანზე "ბარსელონამ" 0-2 დაამარცხა და წარმოუდგენელია, რომ ნოუ კამპზე არსენ ვენგერის შეგირდებმა დადებითი შედეგი აჩვენონ. წინა ტურში "არსენალი" საკუთარ მოედანზე "სვონსისთან" დამარცხდა 1-2. არც "ტოტენჰემისთვის" იყო რამით გამორჩეული ეს ტური, რადგან გუნდი გასვლაზე "ვესთ ჰემთან" დამარცხდა. როგორც წესი, ეს ლონდონური დერბი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული შეხვედრაა პრემიერ ლიგაში. ასე რომ, არც ამ კვირის მატჩი უნდა იყოს გამონაკლისი მაყურებლებისთვის. ყურებადობის გარანტია: 97%  

"დორტმუნდი" - "ბაიერნი" (შაბათი: 21:30)

თითქოს ბუნდესლიგის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა წინა ტურში რაც "ბაიერნი" "მაინცთან" დამარცხდა, ჩემპიონატში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა, რადგან გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა. თუ ამ ტურში "დორტმუნდი" სასურველ შედეგს მიაღწევს, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი ნამდვილ ბრძოლას დაემსგავსება. "დორტმუნდმა" ევროპა ლიგაზე "პორტუ" გაუშვა პორტუგალიაში და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. "ბაიერნმა" დაძაბულ ბრძოლაში "იუვენტუსთან" 2-2 ითამაშა და ამ წყვილში ჯერ კიდევ გაურკვეველია ყველაფერი. გერმანელებს ალიანს არენაზე დიდი მატჩი ელოდებათ. "ბორუსიას" საკუთარ კედლებში მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს. გუნდმა შინ ჩატარებული ბუნდესლიგის 11 მატჩიდან 10 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. სტატისტიკა იმაზე მიანიშნებს, რომ "ბაიერნს" მატჩში სასურველი შედეგის ჩვენება ძალიან გაუჭირდება. ყურებადობის გარანტია: 98% სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის მამუკა მამულაშვილი!



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით