გურამ კაშია: "სახლში მეუბნებოდნენ, ბიჭო, არავინ დაგჩაგროს"

8-11-2018, 10:37

"ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, საავადმყოფოშია და ტირილი არ არის სირცხვილი. შეიძლება, კაცმაც იტიროს", – ეს განცხადება გურამ კაშიამ, კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის, "ძლიერები არ ძალადობენ" ფარგლებში, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, შეხვედრაზე გააკეთა.

"როდესაც სიარული დავიწყე ფეხბურთზე, პოპულარული არ იყო ეს სკოლაში. სპორტი არ იყო საერთოდ პოპულარული და ისეთი დრო იყო, სპორტი არავის აინტერესებდა. როგორ ვთქვა, უფრო კრიმინალური მენტალიტეტის "კაი ბიჭები" იყვნენ და გეკითხებოდნენ, "კაი ბიჭობა" გირჩევნია თუ ტორტი და ტორტი უნდა აგერჩია აუცილებლად, თორემ ჩაჭრილი იყავი. მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი ისპობა და სპორტი შემოდის ბავშვებში. სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა. ფეხბურთელი რომ ვიყავი, პოპულარული არ ვიყავი, მეგობრები არ მყავდა. გოგონებთან ვმეგობრობდი. მარტალი გითხართ, ვერ ჩავდიოდი იმიტომ, რომ „კაი ბიჭები“ იდგნენ, ოთხნი-ხუთნი და ხურდა მომე, ბიჭო-ს იძახდნენ. ამ ბავშვების მართლა მეშინოდა, რადგან მეც პატარა ვიყავი. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი. ამის გამო ვიჩაგრებოდი, მაგრამ ბულინგიც არ ვიცოდი, სიტყვა, ჩაგვრა თუ იყო, ესეც არ ვიცოდი, რადგან სახლში მეუბნებოდნენ, ბიჭო, არავინ დაგჩაგროს, არ იტირო. ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, სავადმყოფოშია და ტირილი არ არის სირცხვილი, შეიძლება კაცმაც იტიროს", – განაცხადა ფეხბურთელმა.

გურამ კაშიამ მოზარდებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს, საფეხბურთო კლუბის წევრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა.

სოციალური პროექტი – "ძლიერები არ ძალადობენ", სლოგანით – "არ დაჩაგრო, იზრუნე" – ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირებას ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით