ვაისი: "მართალია, პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ექსპერიმენტებისა და მოდუნების დრო არაა"

18-11-2018, 16:37

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა ისაუბრა, როგორც ანდორასთან ჩატარებულ შეხვედრაზე, ისე მომავალი მატჩის შესახებ.

"პირველი ადგილი ჯგუფში უკვე მოპოვებული გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან გვინდა, რომ დივიზიონში საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ცვლილებები ნამდვილად იქნება. ნავალოვსკი ნამდვილად ვერ ითამაშებს. 100%-ით მზად არ არის დღევანდელო მონაცემებით არაბულიც, ხოლო სხვა ფეხბურთელები ყველანი მზად არიან. თუმცა, ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება".

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ანდორაში თამაში ადვილი არაა. ზოგადად, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ შეტევის ხაზში გეგმა ვერ შევასრულეთ. სამწუხაროა, რომ ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც მეკარის შეცდომის გავიდა. საბოლოოდ, შეტევაში ცუდი თამაში გახდა იმის მიზეზი, რომ ქულები დავკარგეთ. თუმცა, ეს უკვე წარსულია და ვეცდებით, რომ ყაზახეთთან კარგი თამაში ვაჩვენოთ და მოვიგოთ".

"მოხარულები ვართ, რომ საწყის 4 ტურში მოვიპოვეთ პირველი ადგილი, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. რაც შეეხება ექსპერიმენტებს, საქართველოს ნაკრებს ახლა არ აქვს ამის უფლება, რადგან ისედაც ბევრი ფეხბურთელი აკლია ტრავმის გამო და მოედანზე მოცემულ ვითარებაში საუკეთესო ფეხბურთელები გავლენ".

"არ ვფიქრობ, რომ ანდორაში ზედმეტად ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ. ხოჭოლავა დიდ გუნდში თამაშობს, კიტეიშვილი "შტურმის" საუკეთესო ფეხბურთელია, ტაბიძე რუსეთში სტაბილურად თამაშობს და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება არაბულს, ის მომენტი რომ გამოეყენებინა, დღეს სხვა სურათი ექნებოდა, თუმცა, ეს უკვე წარსულია. ჩვენ არ გვაქვს ამხანაგური თამაშები და ვფიქრობ, სწორედ ასეთ თამაშში უნდა გამოვცადოთ რამდენიმე ფეხბურთელი. ახლა კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყაზახეთის დასამარცხებლად. ლორიას რაც შეეხება, ვნახოთ ითამაშებს თუ არა, ხვალ".

"თქვენ შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რაც შეეხება ფეხბურთელებს, როცა ვაკრიტიკებ, იმიტომ, რომ შემდეგ მოუმატონ და უკეთ ითამაშოს. რაც შეეხება ცვლილებებს, შეიძლება დაგეთანხმოთ, რადგან თავდასხმაში ვერ ვითამაშეთ სათანადო დონეზე და შეცვლები ალბათ დაგვიანებულიც იყო".

"მინდა აღვნიშნო, რომ ანდორასთან ძალაინ გვაკლდნენ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ჯაბას ჰქონდა ჯანმრთელების პრობლემა და სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე გავიდეს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილი არაა", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, „დინამო“ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით