უიქენდის 6 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

13-02-2016, 02:22

საფეხბურთო პორტალი FOOTBALLNEWS.GE გთავაზობთ უიქენდის 6 გამორჩეულ მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

"ბარსელონა" - "სელტა" (კვირა: 23:30)

29-მატჩიანი წაუგებელი სერია - ლუის ენრიკეს "ბარსელონამ" ახალი რეკორდი დაამყარა. "სევილია" იყო ბოლო კლუბი, რომელმაც კატალონიელების დამარცხება შეძლო. "ანდალუსიელებმა" ეს გამარჯვება ოქტომბერში ჩაიწერეს. მეორე მარცხი, რომელიც "ბლაუგრანამ" განიცადა, "სელტას" დამსახურებაა (4-1). ამ მატჩში ნოლიტომ და იაგო ასპასმა გაიბრწყინეს. აღნიშნულ მატჩს სტუმრები დანაკლისით ხვდებიან. ვიგოში ტრავმის გამო დარჩა ნოლიტო. გარდა ამისა, ასპასი დისკვალიფიცირებულია და მომავალ მატჩს გამოტოვებს. აღსანიშნავია მესის კონდიციები, რამეთუ არგენტინელი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში ჩადგა და გუნდის წარმატებაში, როგორც ყოველთვის, უდიდესი წვლილი შეაქვს. ყურებადობის გარანტია: 64%

"რეალი" - "ატლეტიკი" (შაბათი: 19:00)

ზინედინ ზიდანს მადრიდის "რეალის" მწვრთნელობის შემდეგ მშვიდი ცხოვრება გაუქრა, არა იმიტომ, რომ ფრანგი გუნდს ცუდად ათამაშებს, არამედ იმის გამო, რომ სამეფო კლუბში თუ შენ ყოველი მატჩის მოგება ვერ მოახერხა, ესეიგი შენ შენი მისია ვერ შეასრულე. "ატლეტიკთან" მატჩი ზიდანისთვის იქნება მეტნაკლებად პირველი სერიოზული დაპირისპირება მწვრთნელის რანგში. ბასკების შემდეგ "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე "რომა", ხოლო ესპანეთში მადრიდული დერბი ელოდება "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. ბასკებს კლასი ნამდვილად არ აკლიათ, თუმცა ეს არ არის ის თამაში, რომელსაც გულშემატკივრები ელიან მათგან. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 6 მატჩში სანტიაგო ბერნაბეუზე, "ატლეტიკმა" საკუთარ კარში 27 ბურთი მიიღო (საშუალოდ 4,5 მატჩში). არაა გამორიცხული, რომ ეს მონაცემი კიდევ უფრო გაიზარდოს. მადრიდელებს დანაკლისი ნამდვილად აქვთ: პეპე, მარსელო, ბეილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ხვალინდელ მატჩში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ყურებადობის გარანტია: 70%

"ფიორენტინა" - "ინტერი" (კვირა: 23:45)

სერია ა-ს სატურნირო მდგომარეობას თუ ვნახავთ, გამოჩნდება, რომ "ფიორენტინა" და "ინტერი" მესამე ადგილისთვის ეცილებიან ერთმანეთს. "ფიორეს" უკანასკნელ 6 ტურში ორი გამარჯვება აქვს, ხოლო "ნერაძურიმ" ამის გაკეთება მხოლოდ ერთხელ მოახერხა. არ უნდა დაგვავიწყდეს "რომა", რომელიც ჩასაფრებულია და ელოდება მათ წაბორძიკებას პოზიციის ასამაღლებლად. აღსანიშნავია ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო მატჩი, რომელიც სან სიროზე გაიმართა, რამეთუ "ფიორენტინამ" მასპინძლები 1-4 დაამარცხა. ამიტომ, მილანური კლუბის დამრიგებელი რობერტო მანჩინი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ სეზონში მეტოქესთან უარყოფითი ბალანსი არ ჰქონდეს. ყურებადობის გარანტია: 74%

"სიტი" - "ტოტენჰემი" (კვირა: 20:15)

ნოკაუტი - იმის მაგივრად, რომ "მანჩესტერ სიტი" წინა ტურში პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს ჩადგომოდა სათავეში, "ქალაქელებმა" მესამე ადგილზე გადაინაცვლეს. იგი ორ ლონდონურ კლუბს შორისაა მოქცეული, "ტოტენჰემი" და "არსენალი" მოსვენებას არ აძლევს "სიტის". გასულ ტურში "ლესტერმა" პელეგრინის შეგირდებს "ეტიჰედზე" ჯოჯოხეთი მოუწყვეს და მეტოქე 1-3 დაამარცხეს. პელეგრინი ამ მატჩს დანაკლისით ხვდება. დე ბრუინი, ნასრი, დელფი და ნავასი "დეზებთან" მატჩს გამოტოვებენ. ნახევარდაცვის ცენტრის კონტროლს ჩილელი სპეციალისტი ტურესა და სილვას დუეტით აპირებს. გუნდს დაუბრუნდა აგუერო, თუმცა ჯერჯერობით ძველ ფორმა ვერ აღიდგინა. რაც შეეხება "ტოტენჰემს", ლონდონელები ოპტიმალური შემადგენლობით ჩადიან მანჩესტერში. ყურებადობის გარანტია: 83%

"იუვენტუსი" - "ნაპოლი" (შაბათი: 23:45)

"ნაპოლი" შაბათს სკუდეტოს მფლობელებს ეწვევა. ამჟამად სერია ა-ს ლიდერი ნეაპოლური კლუბია, თუმცა ტურინელებთან სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა და არაა გამორიცხული, რომ ამ ტურში ცხრილის ლიდერი შეიცვალოს. "იუვენტუსმა" სერია ა-ში ზედიზედ 14 მატჩის მოგება მოახერხა და ახლოსაა კლუბის რეკორდთან, რომელიც 14 მატჩს ითვლის. "ნაპოლის" დამარცხების შემთხვევაში "ბებერი ქალბატონი" სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი გახდება.

"ნაპოლიმ" თავის მხრივ უკვე დაამყარა რეკორდი. გუნდმა ზედიზედ 8 მატჩში შეძლო სამი ქულის აღება, რაც კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ნეაპოლელების ლიდერი გონსალო იგუაინია, რომელიც მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში ერთ გოლს იტანს. "იუვენტუსის" მხრიდან აღსანიშნავია პაულო დიბალა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ყურებადობის გარანტია: 96%

"არსენალი" - "ლესტერი" (კვირა: 16:00)

"ლესტერი" ჯერ კიდევ ზღაპარშია. სეზონის დასაწყისში ასეთ რამეს ყველაზე ოპტიმისტი "ლესტერის" გულშემატკივარიც ვერ იფიქრებდა, თუმცა რეალობა სხვა რამეს გვეუბნება. პრემიერ ლიგის 25 ტურის შემდეგ კლაუდიო რანიერის შეგირდები 53 ქულით ცხრილს სათავეში უდგანან და მეორეადგილოსანს 5 ქულით უსწრებენ. ისინი არამარტო სტატისტიკით გამოირჩევიან, მათი თამაშიც მოსაწონი და შესაქებია. პირველ ტურში "არსენალმა" მეტოქე გასვლაზე 2-5 დაამარცხა. იმ თამაშის შემდეგ "მელიები" მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. გუნდის წარმატებაში უდიდეს როლს ჯეიმი ვარდი და რიად მაჰრეზი თამაშობენ. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ბომბარდირი 18 გოლით ასევე ვარდი გახლავთ. ბოლო 5 მატჩს რომ გადავხედოთ, "არსენალი" ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რადგან "მეთოფეებს" მხოლოდ ერთი მოგება აქვთ, სამი ფრე და ერთი წაგება "ჩელსისთან". ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით "ლესტერზე", რადგან "მელიებს" ოთხი მოგება და ერთი ფრე აქვთ აქტივში. ვინ იცის, იქნებ შემდეგი გაჩერება ლონდონია. ყურებადობის გარანტია: 98% სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის მამუკა მამულაშვილი!



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით