• 04-09-2023
    ნეიმარი: "მე და მესიმ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ"
    ნეიმარი: "მე და მესიმ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ"

    ბრაზილიურმა Globo Esporte-მ გუშინ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც აწ უკვე არაბული "ალ ჰილალის" ვარსკვლავთან, ნეიმარ ჟუნიორთან, ამა წლის ივნისში ჩაიწერა.

    31 წლის შემტევმა "პარი სენ ჟერმენში" გატარებული დრო ძალიან ცუდად გაიხსენა და მისი საუკეთესო მეგობრის, ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა.

    "როგორი იყო 2022 წელი ლეოსთვის? მის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან სევდიანიც, რადგან ლეომ მედლის ორივე მხარე გამოსცადა. არგენტინის ნაკრებთან ერთად იგი სამოთხეს ეწვია, ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, პარიზში კი ჯოჯოხეთში ცხოვრობდა. მე და მან ჯოჯოხეთი გამოვიარეთ.

    გავნაწყენდით იმ კრიტიკის გამო, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში მივიღეთ. ჩვენ იქ მიზნის გარეშე არ ვყოფილვართ. მაქსიმუმს ვაკეთებდით, რათა საუკეთესოები ვყოფილიყავით, ისტორია დაგვეწერა.

    კვლავ ერთად თამაში ამიტომ დავიწყეთ, თუმცა სამწუხაროდ, ისტორიის დაწერა არ გამოგვივიდა," - თქვა ნეიმარმა.

    შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა და მესიმ "პსჟ-ში" ერთად ორი სეზონი გაატარეს. მათ საფრანგეთის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად გამოვიდნენ - ჯერ მადრიდის "რეალთან" დამარცხდნენ მერვედფინალში, გასულ სეზონში კი იმავე სტადიაზე გამოეთიშნენ ტურნირს, ამჯერად "ბაიერნთან" წაგებით.

    სეზონის დასრულებისთანავე ლეომ "ინტერ მაიამის" მიაშურა, მისი ბრაზილიელი მეგობარი კი "ალ ჰილალს" შეუერთდა. ახალ გუნდში ნეის ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები