კაშია: "მთავარი რასაც მივაღწიე ხალხის სიყვარულია"

4-02-2019, 12:03

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია საზოგადოებრივი მაუწყებლის რუბრიკაში-  "საინტერესო ადამიანები", მიიღო მონაწილეობა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდა, უცველად.

"არსებობს საქმე და არსებობს ცხოვრება. იმ ბიზნესში - ფეხბურთში - არასდროს არაფერია პირადული, ის ჩარტყმაც კი, ზიანიც... საერთოდ, ფეხბურთელები ასე ვართ - რაც მოედანზე ხდება, იქვე, მოედანზე რჩება. 500-ზე მეტი თამაში მაქვს პროფესიულ ფეხბურთში ჩატარებული. არ მაინტერესებს, ვის წინააღმდეგ ვთამაშობ. მოედანზე ჩემთვის ავტორიტეტი არ არსებობს. მართლა მინდა, რომ მოვუგო და, ამის გამო, ჩემზე სწრაფი თუა, უნდა გავაჩერო; ჩემზე მაღლა თუ ხტება, არ უნდა მივცე ამის საშუალება - ასეთი ფიქრები მაქვს სულ".

"ფეხბურთი ორ ნაწილად იყოფა - მოედანი და მოედნის გარეთ. მოედნის გარეთ უკვე ის ადამიანი ვარ, ვინც ვარ. ფეხბურთმა ეს სცენა მომცა იმისთვის, რომ მე ვყოფილიყავი მე. ამ მხრივ, ნამდვილად ძალიან ბევრი რამ მასწავლა".

"იმდენი შეცდომა დავუშვი - ინტერვიუ იქნებოდა, მწვრთნელთან ურთიერთობა, თუ გარკვეულ კულტურასთან შეხება. გასახდელში ხანდახან გყავს ხუთი ბრაზილიელი, ორი იაპონელი, ჰოლანდიელები, ქართველები... ყველა ადამიანისგან რაღაცას სწავლობ. ეს გარემო ყოველდღიურად იმდენ ფასეულს გაძლევს, რომ, საბოლოოდ, ადამიანად გაყალიბებს".

"მოედანზე მარტო ბიზნესია - როგორ საქმიანობ და რამდენად შორს შეგიძლია წასვლა. "შეგიძლია, რომ გოლის გამო სხვას ფეხი მოსტეხო?" -  შეიძლება, მწვრთნელმა ეს გკითხოს. "კი, შემიძლია იმისთვის, რომ ჩემპიონი გავხდე". და თუ უპასუხებ, რომ  "არა, მე არ შემიძლია",- და მაშინ შენ ჩემპიონი ვერ გახდები".

"მართლა ეს სხვაობაა ფეხბურთელებს შორის. ბევრი ფეხბურთელი დაჯილდოებულია უშუალოდ ფეხბურთის ნიჭით. ბევრი ფეხბურთელი კი შრომის ნიჭით არის დაჯილდოებული. მე ვარ შრომის ნიჭით დაჯილდოებული და ვიცი, რომ შრომით - თუ რითიც იქნება - უნდა გავაჩერო რონალდო და მესი იმიტომ, რომ ისინი ჩემზე ბევრად მაგარი ფეხბურთელები არიან".

"ფეხბურთში წარმატებად ითვლება ტიტულები და ჯილდოები. "ვიტესი" საერთოდ არ არის ძალიან წარმატებული გუნდი. სპორტული მხრივ, რა თქმა უნდა, გარკვეული წარმატება გვქონდა იქაურ გარემოში. მაგრამ მე რომ გამოვიდე და ვთქვა, უდიდესი ფეხბურთელი ვარ-მეთქი, არ იქნება მართალი".

"მთავარი, რასაც მივაღწიე, ხალხის სიყვარულია. ამ მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთ წარმატებას მივაღწიე, რასაც ერთეული ფეხბურთელები აღწევენ",-აღნიშნა კაშიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით