• 10-09-2023
    "მანჩესტერ იუნაიტედმა" ანტონი დროებით გუნდს ჩამოაშორა
    "მანჩესტერ იუნაიტედმა" ანტონი დროებით გუნდს ჩამოაშორა
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავის ბრაზილიელ გარემარბს, ანტონის მისცა ნება, რომ დროებით გუნდს ჩამოშორდეს და მთელი დრო მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების გაქარწყლებას დაუთმოს.

    23 წლის შემტევი ბრაზილიის ნაკრების განაცხადიდან გასულ ორშაბათს ამოიღეს. ყველა ფეხბურთელი, რომელსაც სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, "ემიუში" ვარჯიშს ხვალ განაახლებს, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ანტონის ეს არ შეეხება.

    ახალგაზრდა გარემარბს თავისი ყოფილი შეყვარებული, გაბრიელა კავალინი უჩივის. ბრაზილიურმა პრესამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ანტონისა და გაბრიელას მიმოწერის ფოტოები, საიდანაც ირკვევა, რომ ფეხბურთელი გოგონას ემუქრებოდა. გავრცელდა გაბრიელას დაშავებული თავის ამსახველი ფოტოც - მომჩივანის თქმით, დაზიანება სწორედ ანტონიმ მიაყენა.

    "წითელი ეშმაკების" 21-მა ნომერმა ინსტაგრამზე განცხადება გამოაქვეყნა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვა:

    ანტონი აღიარებს, რომ გაბრიელასთან მისი ურთიერთობა დაძაბული იყო და სიტყვიერ შეურაცხყოფას ორივე მხარეს ჰქონდა ადგილი. ამავდროულად, ბრაზილიელი სრულიად გამორიცხავს ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

    მანჩესტერელებმა ანტონი 2022 წლის ზაფხულში შეიძინეს და ამსტერდამის "აიაქსს" 85 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. ახალ სეზონში მას მოედანზე თავი ჯერ არაფრით გამოუჩენია.

    Facebook კომენტარები