• 13-09-2023
    "ფსიქოლოგი უნდა დამეხმაროს" - რიჩარლისონი პრობლემებზე ალაპარაკდა
    "ფსიქოლოგი უნდა დამეხმაროს" - რიჩარლისონი პრობლემებზე ალაპარაკდა

    ლონდონის "ტოტენჰემისა" და ბრაზილიის ნაკრების ცენტრფორვარდს, რიჩარლისონს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უდგას. 

    პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში რიჩარლისონმა სულ 1 გოლი შეაგდო. მას თავი ახალ სეზონში ჯერ არ გამოუჩენია და საქმეები კარგად არც ეროვნულ ნაკრებში მისდის - ბოლივიასთან მატჩისას, როცა იგი შეცვალეს, სათადარიგოთა სკამზევე ატირდა, პერუს წინააღმდეგ გუშინ ჩატარებულ შეხვედრაში კი გოლი გაუუქმეს.

    თავისი პრობლემების შესახებ 28 წლის თავდამსხმელმა Globo Brasil-თან ისაუბრა.

    "მე მოედანზე გუნდური ფეხბურთელი ვარ და ვცდილობ, რაც შეიძლება დიდი სამუშაო შევასრულო.

    ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ვფიქრობ, ხელს მოედნის მიღმა განვითარებული მოვლენები მიშლის. იმის მიუხედავად, რომ გინდა, რაღაც გამოგივიდეს, საპირისპირო ხდება. კვლავ კლუბზე ვიქნები ფოკუსირებული. ქარიშხალი ჩავლილია.

    ბოლო 5 თვის განმავლობაში, ჩემს ცხოვრებაში დიდი ძვრები მოხდა. ახლა სახლში ყველაფერი კარგადაა. ის ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ჩემს ფულზე ეჭირათ თვალი, გვერდით აღარ მყავს. ამიერიდან ყველაფერი უკეთესად წავა. დარწმუნებული ვარ, რომ "ტოტენჰემში" კარგი სერია მექნება.

    სამწუხარო ეპიზოდი (ბოლივიასთან ტირილი), ჩემი აზრით, ცუდი თამაშის გამო საერთოდ არ მომხდარა. ბელემში ცუდად არ გამოვიყურებოდი. ეს უფრო იმ ემოციების ამოხეთქვა იყო, რომლებიც მოედანს მიღმა მომხდარი ფაქტების გამო დაგროვდა; იმ ფაქტების გამო, რომელიც ჩემთან დაახლოვებულ ადამიანებს შეეხო.

    ახლა ინგლისში დავბრუნდები და ფსიქოლოგის დახმარებას მივიღებ. სწორედ ესაა მთავარი - დაბრუნდე უფრო ძლიერი. მჯერა, რომ ბრაზილიის ნაკრების მომდევნო განაცხადში ვიქნები. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ," - თქვა რიჩარლისონმა.

    შეგახსენებთ, რომ რიჩარლისონის "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩი "დეზებს" 16 სექტემბერს, "შეფილდ იუნაიტედის" წინააღმდეგ ელოდებათ.

    Facebook კომენტარები