სკანდალი, საქართველოს ნაკრები თბილისში შვეიცარიასთან მსაჯმა გაწირა

31-03-2019, 00:50

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყო. ვლადიმერ ვაისის გუნდი ჯგუფში პირველ ორ მატჩში 0 ქულას დასჯერდა.

23 მარტს თბილისს მსოფლიო რეიტინგის მე-8 საუკეთესო გუნდი შვეიცარია ეწვია. შეხვედრა პეტკოვიჩის გაწვრთნილმა კოლექტივმა 2:0 მოიგო, თუმცა მოგვიანებით, მატჩის ანალიზისას, ცხადად გამოჩნდა, რომ მატჩის შედეგზე თავისი გავლენა მთვარმა არბიტრმა ინგლისელმა კრეიგ პოუსონმაც მოახდინა.

კერძოდ, პოუსონს ქართული მხარე შეიძლება 2 ეპიზოდზე მოედავოს.

პირველი მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში მოხდა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქვილითაიამ ბურთი იან სომერის კარის მიმართულებით გადაგზავნა, ხოლო შვეიცარიელთა მცველმა თავისიანები ხელის დახმარებით გადაარჩინა. მსგავს მომენტებში მსაჯები ფეხბურთელებს წითელ ბარათს უჩვენებენ და პენალტს ნიშნავენ, თუმცა პოუსონმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. მან ქვილითაია დააჯარიმა, რადგან ჩათვალა, რომ იგი დარტყამდმე მეტოქეს ხელით იჭერდა, თუმცა გამეორებაზე ქართველის მხრიდან წესების დარღვევა არ ჩანდა.

მეორე ეპიზოდი უშუალოდ შვეიცარიელთა გოლის მომენტს უკავშირდება. სანამ ზუბერი საქართველოს ნაკრების კარს დალაშქრავდა, რამდენიმე წამით ადრე ჩვენი სტუმარი გუნდის მცველი აკანჟი უკვე ხსენებულ გიორგი ქვილითაიას ხელით იჭერდა, თუმცა ინგისელმა არბიტრმა მისი დანაშაული ვერ შენიშნა.

ამგვარად, შეიძლება იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ნაკრები მსაჯის მხრიდან შვეიცარიასთან, გარკვეულწილად, დაიჩაგრა, თუმცა ერთი რამეც უნდა ვაღიაროთ. ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ვერ მოახერხეს, მეტოქე მთელი მატჩის განმავლობაში უფრო კარგად გამოიყურებოდა და ბრალეულობის მხოლოდ კრეიგ პოუსონზე გადატანა სამართლიანი არ იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით