ტოტალური დომინაცია ! რამ გამოიწვია ინგლისური ფეხბურთის ხელახალი აღზევება ?!

10-05-2019, 02:27

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა "ევროპის ლიგის" 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები, სადაც ლონდონურმა გრანდებმა, "არსენალმა" და "ჩელსიმ", ბაქოში გასამართი ფინალის საგზურები გაინაღდეს.

არც ისაა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უცხო, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც სწორედ ინგლისურ ფინალს ვიხილავთ "ტოტენჰემისა" და მერსესაიდული "ლივერპულის" სახით.

ცხადია ასეთი რამ თუნდაც 4 წლის წინ, ნებისმიერისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგანაც ამ დროისთვის ესპანური ფეხბურთი მისი დომინაციის მწვერვალზე იმყოფებოდა და ნებისმიერ მეტოქეს, მიწასთან ასწორებდა.

თუმცა მდგომარეობა შეიცვალა, გავიდა დრო და დიდი ხნის შემდეგ პირველად, ევროპული ტურნირის საფინალო შეხვედრაში, ვერცერთ ლა ლიგის გუნდს ვერ ვიხილავთ.

ჩნდება კითხვა: რამ განაპირობა "ნისლიანი ალბიონის" ასეთი ხელახალი აღზევება, თანაც ასე მცირე დროში.

ბევრისთვის მიმდინარე სეზონში, არა ინგლისელები გაძლიერდნენ, არამედ ესპანელები დასუსტდნენ, რამაც მათ "მიძინებულ" მტერს გამოღვიძების საშუალება და თავის წარმოჩენის უნიკალური შანსი მისცა.

დიახ, კატალონიის "ბარსელონა" შესაძლოა ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, შემდეგი ეტაპის საგზურების გაცემაში საკმაოდ გულუხვია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მათი დამარცხება, მარტივი საქმე არაა.

მარტივი საქმე არაა მაშინ, როდესაც 2 მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გაკლია: რობერტო ფირმინოს, მოჰამედ სალაჰისა და ნაბი კეიტას სახით.

ვერც იმას დავივიწყებთ, რომ უკანა პლანზე გადაიწია სამხრეთ ევროპელების "ლამაზი ფეხბურთის" მცნებამაც, რადგანაც "ბლაუგრანას" მიერ პრაგმატული სტილით თამაშის დაწყების გამო, გუნდი, რომელიც ახლა ესპანელთა მხრიდან ასპარეზობით სიამოვნებას მოგვგვრის, შესაძლოა მხოლოდ "რეალ ბეტისი", "ვალენსია" ან "სევილია" იყოს.

მადრიდის "რეალი" ზინედინ ზიდანისა და "ატლეტიკო" დიეგო სიმეონეს ხელში კი უკვე ყველას მოეხსენება თუ როგორ გუნდებს წარმოადგენენ, ამიტომაც ამ საკითხის ზედმეტად გარჩევას აღარ დავიწყებთ.

რეალურად პრემიერ ლიგის ამჟამინდელმა "თაობამ", მაყურებელს თავი სწრაფი, აქტიური, დაძაბული და რაც მთავარია ეფექტური პერფორმანსებით შეაყვარა, რასაც როგორც ვხედავთ, ჯერ-ჯერობით ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მოუძებნა პასუხი.

გვაქვს 2 ფინალი და 4 ინგლისური გუნდი, რომლებმაც ზემოთ ხსენებულ გრანდებთან შედარებით, სატრანსფერო ბაზარზე ბევრად ნაკლები თანხა დახარჯეს და მიუხედავად ამისა, უკეთესს შედეგს მიაღწიეს.

ლონდონის "ტოტენჰემი", მაურისიო პოჩეტინოს კოლექტივი, რომელიც აგვისტოში მისი ხელმძღვანელობის "უნიათობის" გამო ისტორიაში შევიდა და მთელი მსოფლიოს დაცინვის საგანი გახდა, ახლა ღირსეულად იკავებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ადგილს.

ბრიტანელებმა ერთ რამეში დაგვარწმუნეს და მდიდარ გუნდებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ტიტულების მოგება არა ფულით, არამედ მონდომებითაა შესაძლებლებელი.

აღარ აქვს მნიშვნელობა იმ ბანალურ ტერმინს, როგორიც "ქაღალდზე დაწერილი სტატისტიკაა", ცხადია "ლივერპულის" შემადგენლობა არაფრით აღემატებოდა იმ ლეგენდარული ქამბექის დროს, "ლურჯ-ბროწეულისფერების" ვარსკვლავებით მოჭედილ ფეხბურთელების სიას, მაგრამ რა ვიხილეთ ? ტოტალური დომინირება და კატალონიური გრანდის აქამდე უხილავი დაჩაგვრა.

დავფიქრდეთ ერთ რამეზე, რომ არა ინგლისელები, იქნებოდა თუ არა წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა ასეთი "კარგი სანახავი", მათ ჩვენს ლამაზ სპორტს ის დაუბრუნეს, რაც ესპანელებმა გარკვეული დროით წაართვეს და ეს კონკურენტული გარემო იყო.

მათ ყველას აჩვენეს, რომ არ არსებობს მიუღწეველი მიზანი, მთავარი ბრძოლა, მონდომება, გამარჯვების სურვილი და თავდაუზოგავი შრომაა, ამიტომაც რა გუნდის გულშემატკივარიც არ უნდა ვიყოთ, როგორი "წყენაც" არ უნდა გვქონდეს რომელიმე პრემიერ ლიგურ კლუბთან მათი მიღწევების გამო, შეუძლებელია ის ვუარყოთ, რაც ინგლისელებმა 2018/19 წლების გათამაშებაში მოახერხებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით