"სუმოში ქართული ეპოქა სრულდება"

20-01-2020, 22:55

ცნობილმა იაპონურმა გამოცემა Japan Times-მა ჰაცუ ბაშოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც გარკვეული ნაწილი ქართველ სპორტსმენებსაც დაეთმო.

ავტორის აზრით, ქართველი სუმოისტების ეპოქა იაპონიაში დასრულდა და სულ მალე სუმოს ელიტაში არცერთი ქართველი სპორტსმენი აღარ იქნება.

მოგეხსენებათ, იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ ლევან გორგაძე ტრავმებმა გააწამა, რის გამოც ოძეკის წოდებიდან მე-6 მაეგაშირობამდე ჩამოვიდა. ამ ტკივილების გამო ტოჩინოშინი არც მიმდინარე ბაშოზე გამოიყურება იდეალურად და მას უარყოფითი ბალანსი აქვს - 4 მოგება 5 წაგების წილ.

გამოცემის ცნობით, მსგავსი გაგრძელების შემთხვევაში ლევანი უახლოეს მომავალში დაასრულებს კარიერას.

კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა აქვს თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს. ქართველი სპორტსმენი ასევე ტრავმების გამო უკვე რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითდა და იქაც, მიმდინარე ბაშოს გამოტოვება უწევს, რის გამოც 0-7 ბალანსი დაუფიქსირდა. უკვე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ამ ბაშოს დასრულების შემდეგ თეიმურაზი კარიერას დაასრულებს.

ამრიგად, ლევან ცაგურიას მიერ დაწყებული 19-წლიანი ქართული სუმოს ისტორია იაპონიაში შესაძლოა ძალიან მალე დასრულდეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით