კიდევ ერთი ახალი სტადიონი - კობიაშვილი "ივერიას" ესტუმრა

30-05-2020, 19:36

30 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ხელმძღვანელები ხაშურში იმყოფებოდნენ, სადაც სტადიონის მშენებლობა მოინახულეს.

სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე მშენებარე არენას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად ესტუმრნენ.

სფფ-ს ცნობით, ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

"ახალი სტადიონის მშენებლობა მნიშვნელოვანი არამხოლოდ ხაშურისთვისაა, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. მიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად, მშენებლობა მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის სრულად დასრულდება. ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის არქონის გამო ხაშურელები ფეხბურთში ჩართავს ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი ხორციელდება. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. ხაშურში მითამაშია და კარგად მახსოვს, ფეხბურთის მიმართ რამხელა ინტერესი იყო. მადლობა გადავუხადო ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე ქალაქის მერს და რა თქმა უნდა, მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის დაფინანსებითაც აღნიშნული სტადიონი შენდება. ამ არენის მშენებლობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ხაშურში და მთლიანად რეგიონში ფეხბურთის უფრო დიდი პოპულარიზაცია რომ მოხდეს. ფეხბურთის ფედერაციისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის პრიორიტეტულია, რომ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მეტი ინფრასტრუქტურა მოეწყოს", - ამბობს ლევან კობიაშვილი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით