რა ცვლილებები იგეგმება თბილისის "დინამოში"

22-08-2020, 22:02

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად ისევ ჩისკო მუნიოსი დაინიშნოს.

ალბანურ "ტირანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში წაგებული (0:2) შეხვედრის შემდეგ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა დატოვა. თბილისური კლუბი კი მის შემცვლელს ეძებს.

ჩვენი ინფორმაციით, "დინამოს" ხელმძღვანელობის სურვილი იყო ისეთი მწვრთნელის დანიშვნა, რომელიც გუნდს კარგად იცნობს და საქმეშიც თავი გამოიჩინა. ასეთად გიორგი ნემსაძე, ლევან კორღალიძე და ჩისკო მუნიოსი მიიჩნიეს.

თბილისის "დინამოს" და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ნემსაძე ამჟამად გორის "დილას" მთავარი მწვრთნელია და მისი ხელმძღვანელობით გუნდი აუტსაიდერებიდან ლიდერებში დაწინაურდა. მაგრამ შევიტყვეთ, რომ მან გუნდის შუა გზაზე მიტოვება არ ისურვა.

ლევან კორღალიძე ბავშვებში მუშაობდა, პროფესიონალებში დებიუტი კი 2019 წელს ჰქონდა, როდესაც თბილისის "ლოკომოტივი" ჩაიბარა, რომელიც მაშინ აუტსაიდერი იყო. საბოლოოდ კი, გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. მიმდინარე სეზონში კი "ლოკომოტივი" ჩემპიონატს ლიდერობდა, მაგრამ ფინანსურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო "ლოკომოტივი" დატოვა და ეს ნიჭიერი სპეციალისტი დღემდე უგუნდოდაა.

თუმცა "დინამოს" ყველაზე მეტი ინტერესი მაინც ესპანელის მიმართ აქვს. ფრანსისკო ხავიერ მუნიოს ლიომპარტი (ცნობილი როგორც ჩისკო) თბილისის "დინამოში" 2011-2014 წლებში თამაშობდა და მის რიგებში 2 ჩემპიონის ტიტული მოიგო, 2-ჯერ კი საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ბოლო მატჩი "დინამოში" ჩაატარა 2014 წლის 11 დეკემბერს, სადაც „დინამომ“ მისი გოლის წყალობით "ჩიხურა" დაამარცხა და საქართველოს სუპერთასი მოიპოვა. ჩისკო 2019 წლიდან თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, პირველი მწვრთნელი კი ლიცენზიის არქონის გამო ვერ გახდა, სეზონის ბოლოს გუნდი ჩემპიონი გახდა, მაგრამ ისევ ლიცენზიის გამო მან გუნდი დატოვა.

"დინამოსთვის" ჩისკო ყველაზე სასურველი ვარიანტია, მაგრამ მისი ჩამოყვანა და ევროპის ლიგის მატჩამდე საქმეში ჩართვა რთული იქნება. პანდემიის გამო შემოღებული რეგულაციები უცხოელის ჩამოსვლისას მრავალ სირთულეს გულისხმობს – აქედან გამომდინარე, მოსაფიქრებელია, გუნდს დროულად როგორ შეუერთდეს. მეორე პრობლემა კი ლიცენზიაა…

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით