როგორ იმოქმედა სპორტსმენის სიკვდილით დასჯამ მსოფლიო სპორტზე

16-09-2020, 17:18

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ირანელი მოჭიდავის, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ირანში მოჭიდავის, ნავიდ აფკარის, სიკვდილით დასჯა ძალზე სამწუხარო ამბავია. დღეს ამ განცხადებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შოკირებულია. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბაჩმა ამ კვირას პირდაპირ მიმართა წერილებით უზენაეს ლიდერს და ირანის პრეზიდენტს და მათ ნავიდ აფკარის შეწყალება სთხოვა. ამავდროულად, მან პატივისცემა გამოხატა ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტის მიმართ. უაღრესად სამწუხაროა, რომ მთელი მსოფლიოდან სპორტსმენთა თხოვნამ და კულისებს მიღმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მუშაობამ ირანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტთან, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასთან და ირანის ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, ვერ მიაღწია ჩვენს მიზანს. ჩვენი ფიქრები ნავიდ აფკარის ოჯახთან და მეგობრებთანაა". - ვკითხულობთ განცხადებაში.

27 წლის აფკარის სიკვდილით დასჯის ორი განაჩენი გამოუტანეს ორი წლის წინ ირანში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის და ქალაქ შირაზში აქციის დროს დაცვის თანამშრომლის მოკვლის გამო. არსებობს მისი აღიარებითი ჩვენებაც, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ჩანაწერი ციხიდან, რომელშიც აფკარი ამბობს, რომ აწამეს. ოჯახის წევრები და აქტივისტები აფკარის სიტყვებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ იგი აწამეს, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი ბრალეულობის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.

აგვისტოს ბოლოს ირანის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საქმის ხელახალ განხილვაზე.

8 სექტემბერს გლობალურმა გაერთიანებამ, რომელიც 85 000 ათლეტს წარმოადგენს, განაცხადა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ირანი აფკარს სიკვდილით დასჯის, ისინი ირანის მსოფლიო სპორტიდან გაგდებას მოითხოვენ.

აფკარის განაჩენის გამო შეშფოთებას გამოხატავდნენ სოციალურ ქსელებში და ადამიანის უფლებადაცვით ჯგუფებში.

4 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, შეცვალოს გადაწყვეტილება ირანელი მოჭიდავის, ნავიდ აფკარის საქმეზე: "მივმართავ ირანის ლიდერებს. დავაფასებ, თუ ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს დაინდობთ და მას სიკვდილით არ დასჯით. გმადლობთ".

FoxNews-ის სტატიაზე დაყრდნობით, ტრამპი წერს, რომ პოპულარული მოჭიდავის მიერ ჩადენილი ერთადერთი ქმედება იყო მონაწილეობა ანტისამთავრობო გამოსვლებში, სადაც ხალხი გაუარესებულ ეკონომიკურ სიტუაციას და ინფლაციას აპროტესტებდა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულები არიან აფკარის ძმებიც ვაჰიდი და ჰაბიბი. მათ 54- და 27-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

სექტემბრის დასაწყისში ნავიდ აფკარის განაჩენს გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მორგან ორტაგუსიც.

"ჩვენ ვუერთდებით მსოფლიოს აღშფოთებას ირანის რეჟიმის მიერ ნავიდ აფკარისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის თაობაზე. ის აწამეს და ცრუ აღიარება მიაცემინეს 2018 წლის მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. რეჟიმმა აწამა მისი ძმებიც და მათ ათეულობით წლით პატიმრობა მიუსაჯა. გაათავისუფლეთ ისინი!". - დაწერა მან.

2018 წელს ირანში საპროტესტო აქციები ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოჰყვა. აპროტესტებდნენ ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებსაც. 2019 წელს აქციები მოჰყვა საწვავზე ფასების ზრდას. გასულ კვირას Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აქციების შემდეგ ქვეყანაში 7 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვნებიც.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით