დაესწრება თუ არა ბელარუსთან მატჩს მაყურებელი - ბოლო ინფორმაცია

20-09-2020, 21:33

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო, ოფიციალურ შეხვედრას 8 ოქტომბერს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის მატჩში ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრამდე ჩვენს გუნდს მეტი ოფიციალური მატჩი ჩანიშნული აღარ აქვს.

დღეს, ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში, სპორტი იმედზე, სტუმრად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მდივანი, დავით მუჯირი იმყოფებოდა, რომელმაც ბელარუსთან 8 ოქტომბერს გასამართ მატჩზე მაყურებლის დასწრება-არ დასწრების შესახებ ბოლო, არსებული ინფორმაცია გაავრცელა:

"დღევანდელი მოცემულობა ასეთია - 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში, სუპერთასი ბაიერნსა და სევილიას შორის უნდა გაიმართოს. ეს იქნება პირველი ტურნირი კორონავირუსით გამოწეული მდგომარეობის შემდეგ, როდესაც უეფა საკუთარი ეგიდით გასამართ ტურნირზე გულშემატკივარს გარკვეული შეზღუდვით (1/3) აბრუნებს. ეს მათთვის საპილოტე, სატესტო მატჩია. ამის შემდეგ გავიგებთ იმ ინფორმაციას დარჩება თუ არა ევროპაში მაყურებლის გარეშე მატჩების ჩატარების შეზღუდვა ძალაში.

პირობითად, თუ შესაძლებელი იქნება მასპინძელი ქვეყნებისთვის ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით მაყურებელის დაშვება, ამ ინფორმაციას 24-25-ში გავიგებთ.

თუ პოზიტიურად განვითარდება მოვლენები და უეფა მოგვცემს იმის უფლებას, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით დავუშვათ მაყურებელი, ასეთ შემთხვევაში მოგვიწევს ქვეყნის შიგნით არსებულ შესაბამის სტრუქტურებს მივმართოთ, რადგან თქვენ იცით, რომ ამ ეტაპზე მატჩებს მხოლოდ 200-მდე ადამიანი ესწრება.

გვქონდა კომუნიკაცია გულშემატკივართან. ყველას აქვს უფლება ეს ბილეთი დააბრუნოს და შესაბამისი თანხა უკან დაიბრუნოს. ბილეთების რაღაც ნაწილი დაბრუნებულია, თუმცა გულშემატკივარი ბოლომდე იმედიანადაა და ბილეთებს მაინც არ აბრუნებს.

თუ საშუალება მოგვეცემა, რომ შეზღუდვებით დავუშვათ მაყურებელი (სტადიონის 1/3), ასეთ შემთხვევაში ახალი ბილეთების დაბეჭდვა მოგვიწევს, რომელიც არა 26 მარტით, არამედ უკვე 8 ოქტომბრით იქნება დათარიღებული".

შეგახსენებთ, მატჩის გადადებამდე, განსაკუთრებული ინტერესის გამო, შეხვედრამდე ერთი თვით ადრე, ყველა ბილეთი სრულად გაყიდული იყო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით