"როცა "ტორპედოში" მოვედი ბაზაზ წყალიც კი არ იყო" - იტალიელი ინვესტორი

18-10-2020, 23:06

დღეს, ტელეკომპანია იმედმა ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტის, ფაბიო მანინოს ინტერვიუ გაავრცელა.

"ქუთაისში ტორპედოს საკითხის მოსაგვარებლად ჩამოვედი. საჭირო საბუთები უახლოეს მომავალში მზად იქნება, ამ პროცესს პოზიტიურად ვუყურებ.

როდესაც საქართველოში არ ვიყავი, გუნდი ხელფასს ჩვეულ რეჟიმში იღებდა და შემიძლია გითხრათ, რომ დავალიანება არ არსებობს, ბოლო თვის ჩათვლით ხელფასი სრულად აიღეს. კლუბში თებერვალში მოვედი და ამ ეტაპიდან ვსაუბრობ, თუმცა ჩემს მოსვლამდე არსებული სახელფასო დავალიანება კვლავ არსებობს. ტორპედოში 2 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უკვე განვახორციელე.

როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიის დროს ფეხბურთელებს ხელფასი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუმცირდათ. თავიდან ჩვენ ფეხბურთელებს ხელფასის 50%-ს ვუხდიდით, შემდეგ 70%-მდე გავზარდეთ, ბოლო თვეებში კი მათ ხელფასის 100% მიიღეს. ამ პირობებში ნორმალურია, რომ ფეხბურთელები შეთავაზებას დათანხმდნენ, რადგან მათაც კარგად ესმით კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მნიშვნელობა.

მართალია წარსულში ტორპედომ ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ ჩემი მოსვლის დროს მძიმე მდგომარეობა დამხვდა - მთელს გუნდში მხოლოდ 2-3 ფეხბურთელი იყო. 1 კვირაში 15 ფეხბურთელის მოძიება მომიხდა ეროვნული ლიგა რომ დაგვეწყო. არ გვქონდა ეკიპირება და ფორმები, ბაზაზე წყალიც კი არ იყო. ეს საკითხები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პრობლემების მოგვარების გარდა უკვე შევცვალეთ ავტობუსიც.

7 თვე საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო ვერ ჩამოვდიოდი. დარწმუნებული ვარ, აქამდე რომ ჩამოვსულიყავი, დღეს ტორპედოს უკეთესი სატურნირო მდგომარეობა ექნებოდა. დუბაიში ყოფნის დროს ტორპედოს ყველა მატჩს თვალს ვადევნებდი და ვფიქრობ, რომ ხანდახან უიღბლოები ვიყავით. ჩვენს გუნდს მეტი შეუძლია, რადგან ტორპედო უკეთესია ვიდრე სხვა ადგილობრივი გუნდები.

გეგმაში კარგი პროექტები მაქვს,თუმცა არ ვიცი, მოკლე დროში მათ რამდენად განვახორციელებ", - განაცხადა ფაბიო მანინომ.

შეგახსენებთ, ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" იტალიელი ინვესტორისთვის ოფიციალურად გადასაცემად მზადდება. საფეხბურთო კლუბით დაინტერესებული ინვესტორი ქუთაისში იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით