პიოლი: "მეტოქემ ჩვენი ყველა შეცდომა იდეალურად გამოიყენა"

6-11-2020, 11:14

როგორც მოგეხსენებათ, "როსონერის" 24 მატჩიანი წაუგებელი სერია გუშინ, "ლილთან" განცდილი მარცხით დასრულდა. "მილანმა" ევროპა ლიგის მესამე ჯგუფური ეტაპი ანგარიშით 0-3 დათმო. შეხვედრის გმირად "ლილის" თურქი მოთამაშე დასახელდა, რომელმაც ბრწყინვალე ჰეთთრიკი შეასრულა ლომბარდიული გრანდის კარში.

გთავაზობთ "როსონერის" თავკაცის, სტეფანო პიოლის მატჩისშემდგომ ინტერვიუს:

"ჩვენ ძლიერ გუნდს შევხვდით. თამაში ცუდად არ დაგვიწყია, თუმცა ვერ აღმოვჩნდით ისეთი სახიფათოები, როგორსაც ვიმედოვნებდი. გაშვებული პენალტის შემდეგ, სივრცეები დავთმეთ."

"ახლა ახალი ათვლა იწყება. უნდა დავივიწყოთ ყოველივე უარყოფითი და კონცენტრაცია მხოლოდ ვარჯიშზე მოვახდინოთ. მოწინააღმდეგე სათანადოდ ვერ შევაფასეთ, რასაც საკმაოდ ბევრი შეცდომის დაშვება მოჰყვა. მე ვწვრთნი ახალგაზრდულ, მაგრამ ჩამოყალიბებულ გუნდს. ასეთმა გუნდმა კი იცის შეცდომაზე მყისიერი მოქმედება და სწორედ ამის იმედი მაქვს."

მას მიაჩნია, რომ ასეთი ანგარიშით მარცხი იმედგამაცრუებელია, თუმცა "მილანსაც" ჰქონდა კარგი მომენტები.

"სხვაობა ანგარიშში საკმაოდ დიდია. ფრანგულმა გუნდმა ჩვენი ყველა შეცდომა იდეალურად გამოიყენა. თუმცა პირობას ვდებ, რომ შემდეგი შეხვედრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით."

მწვრთნელი ასევე გამოეხმაურა გავარდნილ ხმას, თითქოს ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცვლილებით უკმაყოფილო დარჩა:

"ჩემამდე მსგავსი ინფორმაცია არ მოსულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შვედი უკმაყოფილო იქნებოდა როგორც გუნდის, ასევე საკუთარი თამაშითაც."

"მჯერა, რომ ეს წაგება დაგვეხმარება მომავალში. მე მჯერა ჩემი ბიჭების." - განაცხადა პიოლიმ "Sky Italia"-სთან მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით