5 საუკეთესო ქართველი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის

24-11-2020, 21:12

მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრები ოფიციალურად დატოვა, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

პრესაში ამ მომენტამდე რამდენიმე ინფორმაციამ გაიჟღერა. ჩვენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდს რამდენიმე სპეციალისტს უკავშირებენ, რომელთა შორის უმეტესობა ქართველია.

გთავაზობთ ქართველი მწვრთნელების 5 საუკეთესო ვარიანტს, რომლებმაც შესაძლოა საქართველოს ნაკრები ჩაიბარონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩვენ შემოგთავაზებთ ​5 საუკეთესო უცხოელი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის​​​

პირველი შოთა არველაძე გახლავთ. ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა უკვე მიაღწია წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე და "ფეხთაქორთან" ერთად უზბეკეთის ჩემპიონი გახდა ორჯერ. გარდა ამისა, მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ასპარეზობს საკმაოდ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ.

მეორე ვარიანტი კახა ცხადაძეა. ნაკრების კიდევ ერთი ლეგენდა, რომელსაც საინტერესო სამწვრთნელო სტილი აქვს. იგი "ჯვაროსნებს" ერთ დროს უკვე უძღვებოდა და გულშემატკივარს ლამაზი, შემტევი სტილით დაამახსოვრა თავი.

ახლა დროა საქართველოს ჩემპიონატში გადმოვინაცვლოთ და ვარიანტები ეროვნული ლიგიდან განვიხილოთ. გია ჭიაბრიშვილის კანდიდატურა პრესაში აქტიურად განიხილება. მას საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უმუშავია და დღევანდელი ეროვნული გუნდის ძირითად ბირთვს კარგად იცნობს. მისმა დამოძღვრილმა "ლოკომოტივმა" ევროთასებზე კარგად წარმოაჩინა თავი და ალბათ, საინტერესო იქნება მისი ნაკრებში ხილვა.

ასევე არ არის გამორიცხული "ჯვაროსნებს" გია გეგუჩაძე ჩაუდგეს სათავეში. 55 წლის სპეციალისტი ამჟამად ბათუმის "დინამოს" წვრთნის. გასულ წელს კლუბმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა სულ რამდენიმე ქულით წააგო და წელსაც ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია გამარჯვების. მისი გამოცდილების ხარჯზე გეგუჩაძეს ნამდვილად შეუძლია ნაკრების გაწვრთნა.

და ბოლო ვარიანტი რამაზ სვანაძე გახლავთ, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი დროებითი მწვრთნელი. ესტონეთთან მატჩში "ჯვაროსნები" სწორედ მისი ხელმძღვანელობით გავიდნენ და უგოლო ფრის მიუხედავად შედარებით შემტევი ფეხბურთი ითამაშეს. სვანაძე ახალგაზრდებთან სწორი მუშაობით გამოირჩევა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ჯვაროსნების" ბირთვს სწორედ ახალი თაობა წარმოადგენს, არ არის გამორიცხული, მისი მუშაობა ნაკრებში ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით