• 18-06-2023
    ნიდერლანდები 2:3 იტალია - "სკუადრა აძურა" ისევ მესამეა
    ნიდერლანდები 2:3 იტალია - "სკუადრა აძურა" ისევ მესამეა
    Author of the article
    Aa

    ნიდერლანდების ნაკრებმა, რომელიც ერთა ლიგის 2023 წლის ოთხთა ფინალს მასპინძლობდა, ტურნირი მედლის გარეშე დაამთავრა.

    "ნარინჯისფრები" მესამე ადგილისთვის მატჩში დღეს იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ და მძიმე ბრძოლაში დამარცხდნენ, ანგარიშით 2:3.

    "სკუადრა აძურამ" პირველი ტაიმი კომფორტული სხვაობით მოიგო. მე-6 წუთზე იტალიელები ფედერიკო დი მარკომ დააწინაურა, უპირატესობა ორამდე კი დავიდე ფრატეზიმ გაზარდა.

    ნიდერლანდელები მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. 1 ბურთი სტივენ ბერგვაინმა 68-ე წუთზე გაქვითა და გუნდი თამაშში დააბრუნა. მასპინძლების სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა - 73-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ სტატუს ქუო აღადგინა.

    ერთადერთი, რაც რონალდ კუმანის შეგირდებმა დარჩენილ დროში მოახერხეს, ჯორჯინიო ვეინალდუმის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლი გახლდათ.

    ერთა ლიგის ზედიზედ მეორე სეზონია, რაც იტალიის ნაკრები ბრინჯაოს მედლებს იღებს. რაც შეეხებათ ნიდერლანდელებს, მათ აშკარად ცუდი პერიოდი უდგათ - კუმანის დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ 4 მატჩში "ნარინჯისფრები" 3-ჯერ დამარცხდნენ, ერთხელ კი გიბრალტარს აჯობეს.

    ამ ტურნირის ფინალური ჯახი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ტრიუმფატორს ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებები გაარკვევენ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები