4 მთავარი რამ, რაც სანიოლიმ ნაკრებში უნდა გააკეთოს

22-02-2021, 23:28

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვილი სანიოლი დაინიშნა. ახალგაზრდა სპეციალისტს მართლაც საკმაოდ პერსპექტიული გუნდი ჰყავს, თუმცა, მას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა მოუწევს, რათა გუნდთან ერთად წარმატებას მიაღწიოს.

პირველ რიგში ყველა თანხმდება, რომ გუნდში დისციპლინა მაქსიმალურ დონეზე უნდა აიყვანოს. ვაისის ხელმძღვანელობის დროს ეს საკითხი მეტნაკლებად მოგვარდა, თუმცა, თავად მატჩების მიმდინარეობის დროსაც ვხედავთ ამ ხარვეზებს. შესაბამისად, ფრანგ სპეციალისტს ამაზე დიდი მუშაობა მოუწევს.

მეორე საკითხი ახალგაზრდების ინტეგრაციაა ნაკრებში. ყველა თანხმდება, რომ დღეს-დღეისობით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თაობა მოდის. გარდა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისა, რომლებსაც უკვე ვიცნობთ, ასევე არიან ახალი მოთამაშეები, რომლებსაც უცხოური პასპორტი აქვთ ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს მათ გადმობირებაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანიოლი მოახერხებს და მათ მალევე მოარგებს ნაკრებს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო წლებში ძალიან კარგი ნაკრები გვეყოლება.

შემდეგი საკითხი გუნდში შემტევი სტილის დანერგვაა. საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდა ფეხბურთელების გათვალისწინებით მართლაც შეუძლია ისეთი სტილის ფეხბურთის თამაში, რომელიც ნებისმიერ გულშემატკივარს მოხიბლავს. გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ აქტიურად პრესინგის თამაში და ძალიან ლამაზი, შემტევი სტილის ფეხბურთის თამაში.

და ბოლოს, იმედს ვიტოვებთ, რომ სანიოლი ვაისისგან განსხვავებით უშუალოდ შეხვედრებში შეძლებს პრინციპების დავიწყებას და სწორი დასკვნების გამოტანას. მოგეხსენებათ, სლოვაკ მწვრთნელს დიდად არ უყვარდა შეცვლების გაკეთება და ის უმეტესად არჩეულ თერთმეტეულს ენდობოდა, რაც, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში არ გამართლდა. იმედი გვაქვს, სანიოლი ამ მიდგომას არ გამოიყენებს და ის უფრო ხშირად ეცდება იმ თამაშებში ცვლილებებით გარდატეხის შეტანას, რომლებშიც ნაკრებს საქმე კარგად არ წაუვა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით