მოურინიომ თვალი ანდრეა ბელოტის დაადგა

10-06-2021, 20:46

იტალიური "რომას" ახალი თავკაცის, ჟოზე მოურინიოს რადარზე "ტორინოს" თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტი მოხვდა.

Goal-ის თანახმად, 27 წლის ფორვარდს ამ ზაფხულს საუკეთესო შანსი ექნება, რათა ტურინიდან წავიდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გაისად მას "ტორინოსთან" კონტრაქტი ეწურება, კლუბს კი მისი უფასოდ დაკარგვა არ სურს.

"ხარები" ბელოტის 30 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა "ჯალაროსი" მათთვის 20 მილიონზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს. რომაელთა სასარგებლოდ მოქმედებს ის ფაქტორი, რომ "ტორინოს" დასაკარგი დრო არ აქვს და წნეხის პირობებში, მოთხოვნილ თანხას აუცილებლად შეამცირებს.

გასულ სეზონში ანდრეამ სერია ა-ს ეგიდით 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 7 ასისტი.

გამოცდილი შემტევი ამჟამად იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ისთვის ემზადება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით