"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი" - რობერტო მანჩინი თურქეთთან მატჩის წინ

10-06-2021, 22:52

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ევრო 2020 დაიწყება და გახსნით მატჩში ერთმანეთს იტალიისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

თამაშამდე ერთი დღით ადრე, "სკუადრა აძურას" თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

"ლორენცო პელეგრინის დაკარგვამ დაგვამწუხრა. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ისევე როგორც სტეფანო სენსი. ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ორივე იმსახურებდა. მათ რამდენიმე პოზიციაზე შეეძლოთ თამაში. სამწუხაროა, თუ რა დროს მიიღო ლორენცომ დაზიანება. გუშინდელ ვარჯიშში იგი ბოლომდე იყო ჩართული.

სასტარტო შემადგენლობა? ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, კიდევ ორი სავარჯიშო სესია გვაქვს. ფეხბურთელები ფოკუსირებულები არიან, რადგან იციან, რომ თუ მინდორზე სათადარიგოთა სკამიდან შევლენ, თამაშში გარდატეხა უნდა შეიტანონ.

ჩვენი მიზანი? იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა, მდგომარეობა უმჯობესდება. ახლა დროა, რომ ხალხს კმაყოფილების გრძნობა გავუღვიძოთ. გვინდა, რომ ისინი გავართოთ, თუნდაც 90 წუთის მანძილზე. პირველი მატჩი ფსიქოლოგიურად ყოველთვის ყველაზე რთულია, მაგრამ თავი თავისუფლად უნდა ვიგრძნოთ.

გუნდში კარგი განწყობაა. დიდი იმედები გვაქვს და ეს რაღაცით ჩემს "სამპდორიას" მახსენებს. ახლა იმაზე მეტად თავდაჯერებული ვარ, ვიდრე სამი წლის წინ, კარგად ვიმუშავეთ, შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს. გვსურს, გავერთოთ და ლონდონის ოთხთა ფინალამდე მივიდეთ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

ფანების დაბრუნება? იდეალური იქნებოდა, თუ ისინი ტრიბუნებზე უფრო მეტნი იქნებოდნენ. რა თქმა უნდა, სავსე "სტადიო ოლიმპიკო" მეტად დაგვმუხტავდა. ეს მეთორმეტე მოთამაშის როლს შეასრულებდნენ, მაგრამ ნულიდან თექვსმეტი ათას გულშემატკივარზე ასვლა პირველი ნაბიჯია."


შეგახსენებთ, რომ იტალია-თურქეთის მატჩი რომში, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით