წავა თუ არა ბექაური ოლიმპიადაზე - ნაკრების ექიმის მნიშვნელოვანი განცხადება

16-06-2021, 23:14

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი გულშემატკივრისთვის შესანიშნავი გამოდგა, თუმცა სიხარული ნერვიულობამ შეცვალა, როცა ტურნირის უკანასკნელ დღეს, გუნდურ შეჯიბრში ლაშა ბექაურმა ტრავმა მიიღო.

ბექაურმა ფრანგ მეტოქესთან ორთაბრძოლაში დაიზიანა ხელი და ქომაგებში უმალ გაჩნდა შიში იმის თაობაზე, რომ მას ტოკიოს ოლიმპიადის გამოტოვება ემუქრება.

დღეს გავრცელდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის განცხადება, სადაც სწორედ ლაშას მდგომარეობაზეა საუბარი:

"ლაშა ბექაურს გუშინ ორი კვლევა ჩაუტარდა – მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია. რადიოლოგებმა და ექიმთა კონსიულიუმმა გადაწყვიტა, რომ სრულყოფილი სურათისათვის საჭირო იყო ყველანაირი კვლევა. ჩართულია რამდენიმე ექიმი. დაზიანება არის კუნთზე, სახსარსა და მყესზე. ყველაფერი კეთდება, რომ ანთებითი პროცესი დროულად ჩაქრეს.

მთელი კომპლექსია გაწერილი იმისათვის, რომ მოკლე ვადაში მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეწუხდა და განიცდის ამ ბიჭის მდგომარეობას. იმედი მაქვს ყველაფერი იქნება კარგად და ლაშა ბექაური ასახელებს საქართველოს."


შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ძიუდოისტი ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით