"ბოკას" ფეხბურთელები პოლიციამ დააკავა - რა მოხდა კოპა ლიბერტადორესზე

21-07-2021, 17:43

გუშინ გაიმართა სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირის, კოპა ლიბერტადორესის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი, სადაც ერთმანეთს არგენტინული "ბოკა ხუნიორსი" და ბრაზილიური "ატლეტიკო მინეირო" დაუპირისპირდნენ.

"ატლეტიკომ" ნახევარფინალში პენალტების სერიით გააღწია, რადგან ორი მატჩის ჯამში გუნდებს შორის ფრე დაფიქსირდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ბრაზილიელებმა 3 გოლი გაიტანეს, "ბოკამ" კი ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხა, რის გამოც ტურნირს გამოეთიშა, თუმცა მთავარი მოვლენები თამაშის შემდეგ დატრიალდა.

"ბოკა ხუნიორსის" ფეხბურთელებმა, რომლებიც თვლიდნენ, რომ მსაჯებმა ორივე შეხვედრაში დაჩაგრეს და ორი აშკარა გოლიც გაუუქმეს, გადაწყვიტეს, უსამართლობა თავადვე გამოესწორებინათ და მეტოქის გასახდელზე მიიტანეს იერიში.

ვითარება მაშინვე დაიძაბა, როცა მოთამაშეები გვირაბში შევიდნენ. "ლურჯ-ოქროსფერებმა" ბრაზილიელებისკენ სხვადასხვა ნივთის სროლა დაიწყეს. მეტალის კონსტრუქციებსა და ბარიერებთან ერთად, ვიხილეთ ნასროლი ცეცხლმაქრიც, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკოს როხომ გაიტყორცნა.

"ბოკას" მოთამაშეები იმდენად იყვნენ გამხეცებულნი, რომ მათი დაშოშმინება პოლიციას, თანაც, ცრემლსადენი გაზით მოუწია. გავრცელებული ცნობების თანახმად, ფეხბურთელებისა და ტექნიკური სტაფის 8 წევრი იქნა დაპატიმრებული.

ეს კი არგენტინელთა ნახევარმცველის, დიეგო გონსალესის კომენტარი:

"ყველამ დაინახა, რომ მსაჯმა მთავარი როლი ითამაშა.

ჩვენ კარგი გოლი გავიტანეთ და ფაქტია, პირველი თამაშის მოგებასაც ვიმსახურებდით. ეს მტკივნეულია, თავს ცუდად ვგრძნობთ. CONMEBOL-მა ამ საკითხზე უნდა იფიქროს."


ვერაფერს ვიტყვით, კოპა ლიბერტადორესი ნამდვილად საინტერესო ტურნირია...

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით