"ბარსელონამ" "ატალანტას" შეთავაზებით მიმართა - "ტოტენჰემს" კონკურენტი გამოუჩნდა

28-07-2021, 21:42

"ბარსელონამ" იტალიურ "ატალანტას" კრისტიან რომეროს თაობაზე წინადადებით მიმართა და ლონდონის "ტოტენჰემთან" სატრანსფერო ბრძოლაში ჩაერთო.


ამ ინფორმაციას SportItalia ავრცელებს და წერს, რომ "ბლაუგრანამ" საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა.

რომეროს კოპა ამერიკა ახალი მოგებული აქვს და არ არის გამორიცხული, "კამპ ნოუზე" ის თავისი ქვეყნის ნაკრების თილისმას, ლიონელ მესის შეუერთდეს, რადგან ბერგამოში კატალონიელთა წინადადება უკვე მიიღეს.

23 წლის უკანახაზელი "ატალანტაში" ტურინის "იუვენტუსიდან" გასულ წელს, 2 წლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) გადაბარგდა და პირველივე სეზონში დიდი აღიარება მოიპოვა - დასახელდა რა სერია ა-ს საუკეთესო მცველად.

რაც შეეხება "ტოტენჰემს", ცენტრალურ დამცველს მათ კვირების მანძილზე უკავშირებდნენ. ვრცელდებოდა ცნობები, რომ იტალიური კლუბი კრისტიანს 55 მილიონ ევროდ აფასებდა.

გასულ სეზონში კრისტიანმა "ლა დეას" მაისურით 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 7 შეხვედრა მან ჩემპიონთა ლიგაზე გამართა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით