ფარერებმაც გაგვისწრო! ქართული კლუბების კოშმარი გრძელდება

30-07-2021, 23:44

"დინამო ბათუმმა" ბორისოვის "ბატეს" განადგურებით ყველა ქართველი გაახარა, თუმცა ქართული კლუბების ევროტურნირებზე ასპარეზობა ვერც 2021 წელს შეფასდება დამაკმაყოფილებლად.

უეფას ლაივრეიტინგში ქართველებმა წელს 1.125 ქულა დააგროვეს, რაც ფარერული კლუბების მიერ დაფიქსირებულ შედეგზე უარესია. კუნძულელებმა 1.166 ქულას მოუყარეს თავი და 46-ე პოზიციაზე ჩამოგვაქვეითეს.

წლევანდელი 1.125 ქულიდან 0.750 ქულა ბათუმის "დინამოს" ეკუთვნის. ეს მონაგარი ზღვისპირელებმა 3 გამარჯვების გამო (2 "ტრე პენესთან", 1 "ბატესთან) მოიხვეჭეს. შეტანილი წვლილით მეორე ადგილზეა გორის "დილა" - 0.250 ქულა ("ჟილინასთან" მოგებული შეხვედრა). ქვეყნის ჩემპიონმა, თბილისის "დინამომ" 4 მატჩში მონაგარს ვერაფერი შემატა და მეორელიგელ "გაგრასაც" კი ჩამორჩა, რომელმაც "სუტიესკასთან" ნათამაშები ფრით, 0.125 ქულა აიღო.

აქვე სიტუაციას კიდევ უფრო დავამძიმებთ და გეტყვით, რომ თუ ბოლო 5 წლის შედეგებს ავიღებთ, ქართული კლუბების ანგარიშზე 6.875 ქულაა, ფარერელებისაზე კი - 6.916.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ქომაგების ბოლო იმედი კვლავ "დინამო ბათუმია". აჭარული კლუბი კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა გასული, სადაც თურქულ "სივასპორს" დაუპირისპირდება. მატჩები 5 და 12 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით