"არსენალი" ლაუტარო მარტინესით დაინტერესდა

31-07-2021, 18:58

მილანის "ინტერი" ლაუტარო მარტინესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას კვლავ ვერ ახერხებს, რითაც შეიძლება ლონდონის "არსენალმა" ისარგებლოს.

არგენტინელ თავდამსხმელს "ნერაძურისთან" ხელშეკრულება კიდევ ორი წლით აკავშირებს, თუმცა, შესაძლოა, მას ახალი გამოწვევების მიღება და იმ ჩემპიონატის დატოვება მოუნდეს, რომელიც წინა სეზონში უკვე მოიგო.

თუ Sky Sport Italia-ს დავუჯერებთ, მილანში ელოდნენ, რომ 23 წლის ფეხბურთელი გრძელვადიან კონტრაქტს ხელს თებერვალშივე მოაწერდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის მოვლენების განვითარების ისეთ სცენარს, სადაც "შავ-ლურჯები" ჰაკიმის "პსჟ-ში" გაშვების შემდეგ, მეორე ვარსკვლავსაც დაკარგავენ.

"ინტერნაციონალემ" ბევრი კლუბისგან მიიღო შეთავაზება და მათ შორისაა "არსენალიც". ინგლისური პრესის თანახმად, "მეთოფეები" ბარტერზეც ფიქრობენ და აპენინელთათვის ჰექტორ ბელერინის ან ალექსანდრ ლაკაზეტის შეძლევას გეგმავენ. Sport Mole წერს, რომ ლაუტაროს "ემირეითსზე" გადმოსვლა სწორედ ლაკაზეტის წასვლა-წაუსვლელობაზე იქნება დამოკიდებული.

მიუხედავად "არსენალის" მოწადინებისა, ცნობილია ისიც, რომ სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონები მხოლოდ ფულად სარგებელზე არიან თანახმანი და მსურველთაგან 80 მილიონ ევროს ელოდებიან.

რაც შეეხება ლაუტაროს შემცვლელს, "ინტერის" ახალ თავკაცს, სიმონე ინძაგის ამ როლის შემსრულებლად თავისი ყოფილი შეგირდი და რომის "ლაციოს" შემტევი, ხოაკინ კორეა ესახება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით