მოურინიო ალეგრის რეკორდის დამხობას უმიზნებს

9-09-2021, 17:01

ჟოზე მოურინიოს სერია ა-ს საშინაო მატჩი არასდროს წაუგია და თუ ამ სერიას კიდევ 3 შეხვედრაში გააგრძელებს, მასიმილიანო ალეგრის დამყარებულ რეკორდსაც დაამხობს.

როგორც მოგეხსენებათ, "განსაკუთრებული" იტალიის ჩემპიონატში 10 წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და "რომასთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მოურინიოს მილანის "ინტერში" ორი სეზონი აქვს გატარებული. პირველ სეზონში მან სერია ა მოიგო, მეორე სეზონში კი ისტორიული ტრებლიც შეკრა. თავისი მილანური კარიერის მანძილზე ჟოზეს საშინაო შეხვედრა არცერთხელ დაუთმია.

"რომამ" ახალი სეზონის გახსნით მატჩში "ფიორენტინა" დაამარცხა (3:1), რითაც მოურინიოს სერია 39 მატჩამდე ავიდა. 

პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე აჯობა ფაბიო კაპელოს, რომელმაც 2000-2002 წლებში "სტადიო ოლიმპიკოზე" ჩატარებული ზედიზედ 38 თამაში არ წააგო.

ერთადერთი, ვინც ახლა მოუს უსწრებს, მასიმილიანო ალეგრია. "იუვენტუსში" ყოფნისას შეშლილმა მაქსმა სტუმრები სახლში გაწბილებული ზედიზედ 41 დაპირისპირებაში გაუშვა, რითაც რეკორდი დაამყარა.

თუ მოურინიოს "რომა" "სასუოლოს" (12 სექტემბერი), "უდინეზეს" (23 სექტემბერი) და "ემპოლის" (3 ოქტომბერი) 3 ქულას არ გაატანს, ჟოზე მორიგი ისტორიული რეკორდის მფლობელი გახდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით